პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაციას გაუწევს.
აღნიშნულის შესახებ მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა.
„დედაქალაქში არსებობს რაიონები, კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს, მოქალაქეებს საათზე მეტი ხნით ლოდინი უწევთ, რაც რა თქმა უნდა, გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენ, ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებითა და ავტობუსების შემოყვანით, მოსახლეობას აღნიშნულ პრობლემას მოვუხსნით“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტისა და პოპულარობის მიმართულებით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კომფორტული გახდეს, არამედ პოპულარული უნდა იყოს და მე, ჩემს თანაქალაქელებთან ერთად ვიქნები ადამიანი, ვინც ამას პოპულარიზაციას გაუწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში, დედაქალაქში მიკროატობუსებით 603 000 ადამიანი გადაადგილდება, ავტობუსებით - 330 000, ხოლო მეტროს - 288 000 მგზავრი გადაყავს.
„იმის შემდეგ, რაც მეტროს რეაბილიტაციას მოვახდენთ და მას ახალი ვაგონები დაემატება, დარწმუნებული ვარ, რომ მეტროთი უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. თბილისში არსებულ ორ საბაგიროს კი, დღეში დაახლოებით, 4100 ადამიანი გადაყავს. ეს ის მიმართულებებია, რაზეც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროს ვაგონების რეაბილიტაციასა და არსებული ვაგონების ჩანაცვლების შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება.
„ჩვენ ამ ღონისძიებით მივალთ იქამდე, რომ შეიქმნება უფრო მეტი კომფორტი მგზავრების გადაყვანის დროს, გაიზრდება მგზავრთა რაოდენობა და სადგურებზე მოლოდინის დრო შემცირდება. მოხდება 23 მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სადაც ამ მიმართულებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 200 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.