საკანონმდებლო ორგანოს 9 დეპუტატი პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა. ამის შესახებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.
ანგარიშის თანახმად კი, პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად. კერძოდ, ეს დეპუტატებია: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“), დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველო - რეგიონები“), გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტები).