ლევან რაზმაძე - ქართული კომპანიებისთვის ტენდერებში შეღავათების დაწესება, პრივილეგიების მინიჭება არ არის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის განცხადებით, ქართული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში შეღავათების დაწესება მათთვის პრივილეგიების მინიჭება არ არის.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან რაზმაძემ სამთავრობო შესყიდვებზე რეგიონული ფორუმის დაწყებამდე განუცხადა.

რაზმაძის განცხადებით, ქართულ კომპანიებს სხვა კომპანიებთან ერთად უწევთ ღია ტენდერებში მონაწილეობის მიღება, სადაც მათი აუცილებელი პირობა გამარჯვებაა. გამარჯვების შემთხევევაში ისინი 10%-ს სუბსიდიის სახით მიიღებენ.

„მთავრობა ახალ რეგულაციაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი კომპანიები წახალისდებიან და 10%-იან შეღავათს მიიღებენ. მე ამას პრივილეგიას ვერ დავარქმევ. ჩვენ ნაფიქრი გვაქვს ამაზე, თუმცა საბოლოო დოკუმენტი ჯერ არ არის მიღებული. პრივილეგია ეს არ არის, რადგან ქართულ კომპანიებს სხვა კომპანიებთან ერთად უწევთ ღია ტენდრებში მონაწილეობის მიღება, სადაც მათი პირობა გამარჯვებაა. გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია 10%-ს სუბსიდიისა და სტიმულირების სახით მიიღებს კანონზე დაყრდნობით და არა ხელაღებით, ეს არ არის პრივილეგია, ის ამას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გაიმარჯვებს. გამარჯვება უპირობოდ, აუცილებელი კრიტერიუმია“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სიახლეები იგეგმება და უახლოეს მომავალში კანონში შედის ცვლილება, რომელიც დავების განხილვის საბჭოს ეხება.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შესყიდვების დარგში ერთ-ერთ მოწინავე რიგზეა, მაინც ვცდილობთ მეტს მივაღწიოთ. სიახლეები ნადვილად იგეგმება, გაორმაგებული ძალით ვართ ჩართული რეფორმირების პროცესში, რათა ჩვენი კანონმდებლობა, DCTA-ს და სხვა საერთაშორისო, ვალდებულებებით ნაკისრ სტანდარტებთან შესაბამისობაში შემოვიყვანოთ. კანონში შედის ცვლილება, რომელიც დავების განხილვის საბჭოს ეხება, რაც საბჭოს მეტ დამოუკიდებლობას შესძენს. საბჭო 10 წევრისგან შედგება და მასში სხვა დამოუკიდებელი უწყებების წარმომადგენლებიც შევლენ. აქედან გამომდინარე, ის რეფორმები, რაზეც ვალდებულება ევროკავშირთან ავიღეთ, გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს“, -განაცხადა ლევან რაზმაძემ.

პირველად საქართველოში საჯარო შესყიდვების თემაზე ფორუმი „რეგიონული ფორუმი სამთავრობო შესყიდვებზე“ ტარდება, რომელსაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მართავს. ფორუმი ელექტრონული შესყიდვების სრულყოფის საკითხს ეძღვნება.