PSP-ს მსგავსი 200 კომპანია რომ იყოს ქვეყანაში, ორჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა საქართველო და მე ეს მეამაყება , - ამის შესახებ დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მის მიერ 25 წლის წინ დაარსებული კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად 50 მლნ ლარს იხდის, რაც მთლიანი ბიუჯეტის 0,5% შეადგენს. დეპუტატის განცხადებით, უკვე 12 წელია, რაც მან კომპანიის მართვის სადავეები სხვას გადასცა და ამის შემდეგ დაიწყო აქტიური პოლიტიკური საქმიანობა.
”გიდასტურებთ, რომ შარშან დეპუტატების ჩამონათვალიდან ყველაზე დიდი შემოსავალი მე მქონდა, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე ავაშენე კომპანია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 50 მლნ ლარს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც არის მთელი ჩვენი ბიუჯეტის 0,5%. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ PSP-ს მსგავსი 200 კომპანია რომ იყოს ქვეყანაში, ორჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა საქართველო და მე ეს მეამაყება. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა პოლიტიკოსს უფლება, იყოს დაკავებული ბიზნესით, რა თქმა უნდა, აქტიურად თუ მოდის ის პოლიტიკაში და არის პარლამენტარი, ის უნდა გადადგეს და სხვას უნდა დაუთმოს ბიზნესის მართვა, როგორც ჩემს შემთხვევაშია. ჩვეულებრივი ამბავია, რომ პოლიტიკოსები არიან ბიზნესის დამფუძნებლები და ბიზნესმენები მოდიან პოლიტიკაში. გადახედეთ, ტრამპი ვინ არის?! ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკელი მილიარდერია და დღეს ამერიკის პრეზიდენტია - ასე რომ, ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია”, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
„შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი - 17 429 052 ლარი - დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილს აქვს მიღებული“, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ახალ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის წევრების კავშირებს ბიზნესთან, შეუთავსებელ საქმიანობას და არადეკლარირებულ ქონებას ეხება.