მელანია ტრამპი ზაგრების სკოლას რეკლამისთვის უჩივის

აშშ-ის პირველი ლედი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მდებარე ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლას რეკლამაში მისი ფოტოს გამოყენებისთვის უჩივის.

რამდენიმე დღის წინ ზაგრების ქუჩებში სკოლის სარეკლამო ბანერი მელანია ტრამპის ფოტოთი და წარწერით: „წარმოიდგინეთ, რამდენად შორს შეგიძლიათ წასვლა სულ ცოტა ინგლისურის ცოდნით“ გამოჩნდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სკოლის ხელმძღვანელობას აშშ-ის პირველი ლედის ადვოკატი სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, სკოლამ სარეკლამო ბილბორდები ჩამოხსნა. გარდა ამისა, სკოლის წარმომადგენელმა ივის ბურიჩმა მოიბოდიშა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ აღნიშნული კამპანია საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

მიუხედავად ამისა, მელანია ტრამპის ადვოკატი აცხადებს, რომ ამ სარეკლამო კამპანიის გამო ზაგრებში მდებარე ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლას მაინც მოუწევს ფულადი კომპენსაციის გადახდა.

მელანია ტრამპი 1970 წელს სლოვენიის ქალაქ ნოვო-მესტოში დაიბადა. 80-იანი წლების ბოლოს მან სამოდელო კარიერა დაიწყო. 2005 წელს მელანია ტრამპი ცოლად გაჰყვა დონალდ ტრამპს, რომელიც ნიუ იორკის მოდის კვირეულზე გაიცნო.