ქობულეთს მალე ახალი ნაგავსაყრელი ექნება

ქობულეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობა ივნისიდან დაიწყება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტის ღირებულება 7 მილიონი ევროა, საიდანაც 3 მილიონი ევროს სესხს რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი გამოყოფს, 4 მილიონი ევროს გრანტს კი - შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი სოფელ ცეცხლაურში მოეწყობა, ბათუმსა და ქობულეთში კი არსებული ნაგავსაყრელების დახურვა-კონსერვაცია მოხდება.

bpn-თან საუბრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ნაგავსაყრელის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდება. შესაბამისად, განისაზღვრება ტენდერში მონაწილეობის აუცილებელი კრიტერიუმები, მშენებლობის დაწყებისა და დასრულების დეტალური ვადებიც.