ბიზნესგანათლება წარმატებული ბიზსნესსაქმიანობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
ბიზნესგანათლებას კი სათანადო ბიზნესლიტერატურა სჭირდება. ქართულ ენაზე ბიზნესლიტერატურის თარგმნა ცოტა ხნის წინ დაიწყო და ეს უმეტესად გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” დამსახურებაა. “ლურჯი ოკეანე” საგამომცემლო საქმიანობაა, წიგნების სერია, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. მასში შემავალი ლიტერატურა ბიზნესსაკითხების სათანადოდ ათვისებასა და გაცნობიერებაში დაგეხმარებათ.
საგამომცემლო საქმიანობის საკმაოდ წარმატებით წარმართვის შემდეგ, ახალი მიმართულების განვითარებაც გადაწყდა. ეს იქნება ”ლურჯი ოკეანის კლუბი” - გამომცემლობის სრულიად ახალი მიმართულება, რომელიც საქართველოში ბიზნესგანათლების მხარდაჭერას და ამაღლებას ისახავს მიზნად.
”ჩვენი მიზანია ბიზნესპრაქტიკოსების, თეორეტიკოსებისა და სტუდენტების ჩართულობით გამოვცეთ ქართული ბაზრისთვის საინტერესო და რელევანტური ლიტერატურა, შევქმნათ სივრცე, რომელიც ბიზნესგამოცდილების გაზიარებასა და წიგნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ჩვენი მისია კი საქართველოში ბიზნესგანათლების დონის ამაღლებაა,” - პროექტის მენეჯერი ანი ნემსიწვერიძე.
კლუბის საქმიანობის ფარგლებში ჩატარდება საჯარო შეხვედრები, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს სფეროს დაეთმობა, ვორქშოპები, წიგნის პრეზენტაციები, დაიწერება სტატიები და ბლოგპოსტები
”კლუბის ფარგლებში ვგეგმავთ, რომ სისტემატურად ჩავატაროთ საჯარო ლექციები, შეხვედრები, სემინარები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. სამომავლოდ კიდევ ვაპირებთ წიგნების გამოცემას, რომლებიც ქართველი ბიზნესპრაქტიკოსების რეკომენდაციებით შეირჩევა. მათ კლუბის წევრები წარადგენენ და რეალურ ქეისებს წიგნებში აღწერილი ბიზნესთეორიების ჭრილში განიხილავენ. მოეწყობა ბიზნეს ვორქშოპი რეკლამისა და მარკეტინგის შესახებ. უკვე მზადდება ვებგვერდი Blueocean.ge, რომელზეც მომავალში კლუბში მიმდინარე ყველა სიახლე განთავსდება.” - პროექტის მენეჯერი ანი ნემსიწვერიძე.
კლუბის ძირითადი წევრები ქართული კომპანიების მენეჯერები და უნივერსიტეტის პროფესორები არიან. სტუდენტები კი, რომლებიც კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დაესწრებიან, მიიღებენ სპეციალურ ფასდაკლებებს ახალ წიგნებზე და სურვილის შემთხვევაში საგამომცემლო საქმიანობაში ჩართვის საშუალებაც მიეცემათ მთარგმნელის, კონსულტანტის ან ბიზნესჟურნალისტის პოზიციით.
უახლოეს მომავალში კლუბის წევრების შერჩევის კონკურსი გამოცხადდება, მომზადდება აპლიკაცია, რომლის მიხედვითაც კიდევ შეირჩევიან კლუბის წევრები.
კლუბის ოფიციალური პრეზენტაცია 4 ოქტომბერს, ფაბრიკის საკონფერენციო სივრცეში გაიმართება.
დეტალებისთვის გადადით ლინკზე
ბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე