"საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღებით, შესაძლოა 40-მდე კომპანიამ იზარალოს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ, რომ "საფოსტო კავშირის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღებით, შესაძლოა DHL, TNT, FEDEX და ორმოცამდე გადამზიდავმა კომპანიამ საქართველოს ბაზარი დატოვოს.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი "საფოსტო კავშირის შესახებ", რომელიც ბაზრის ამ სეგმენტზე გაუმართლებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და წესებს.

კანონპროექტის მიხედვით, ტვირთისა და დოკუმენტების, ასევე ფულადი გზავნილების გადაზიდვას მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც ამ სექტორის მარეგულირებელისგან ავტორიზაციას მიიღებენ. ამასთან, ნებისმიერი გზავნილის გადაგზავნა, მიუხედავად შიგთავსისა, სხვა კომპანიებისთვის იქნება შეუძლებელი. სექტორის მარეგულირებლად კი კანონპროექტით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განისაზღვრება.

როგორც ეკა გიგაური და გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, კანონპროექტი საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი ნებისმიერი კომპანიის საქმიანობაზე ბიუროკრატიულ ბარიერებს აწესებს, რის შედეგად, კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურად დაუსაბუთებელი ჩარევა, შედეგად კი აღნიშნული სფეროს ზედმეტი და გაუმართლებელი სახელმწიფო რეგულირება მოხდება.

კანონპროექტის მიღების შედეგად, "საქართველოს ფოსტას" ეროვნული ოპერატორის სტატუსი მიენიჭება და 20 წლით ბაზრის მონოპოლისტი გახდება, ხოლო სხვა ოპერატორები მხოლოდ "საქართველოს ფოსტის" "ქოლგის ქვეშ" შეძლებენ თავიანთი მომსახურების განხორციელებას.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ "საქართველოს ფოსტა" შეძლებს 30 კილოგრამამდე წონის საერთაშორისო ამანათების ექსკლუზიურ მიღებას, გაგზავნას, გადაზიდვას, ჩაბარებას.