25 სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ ქვეყნის მასშტაბით ახლადშექმნილ 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიანიჭეს.

პირველი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დაფუძნდა ე.წ ბუფერულ ზონაში, სოფელ ნიქოზში. კოოპერატივი ”ნიქოზი” 10 წევრს აერთიანებს და მისი საპატიო ფონდი 60 ათასი დოლარისგან შედგება. აღნიშნული კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა კაკლისა და ნუშის ნერგების გამოყვანაა, თუმცა, კოოპერატივი სამომავლოდ საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს.

უკვე დაფუძნებული 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროებია: მარცვლეული კულტურების წარმოება, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, რძის გადამუშავება, სოკოს წარმოება, თხილის კულტურის მოშენება, პროდუქციის შესანახი სასაწყობე მეურნეობების მოწყობა, რეალიზაციისთვის საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტების სადისტრიბუციო ქსელის შექმნა.