დავით ნარმანიამ რეაბილიტირებულ პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა.
თბილისის მერის თქმით, პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია. დედაქალაქის მერმა ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა და ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა” და ყველა საკომუნიკაციო კომპანიას ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ GWP-მ მიწისქვეშა წყალკანალიზაციის სამუშაოებისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ნარმანიას თქმით, მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები შეასრულეს კომპანია ”თელასმა” ”ყაზტრანსგაზმა”, ”ახალმა ქსელებმა” ”მაგთიკომმა” და სხვა კომპანიებმა.
პეკინის ქუჩა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია. ქუჩაზე გამოიცვალა მოსაცდელები, გაფართოვდა ტროტუარი, რომელზედაც მოეწყო ველობილიკი. გამოიცვალა შუქნიშნები და მოეწყო „ბას ლაინი“ საქალაქო ტრანსპორტისათვის.
დავით ნარმანიას განცხადებით, როდესაც გამწვანების სამუშაოები დაიწყება, შესაბამისი საქალაქო სამსახური ქუჩაზე ხეებს დარგავს, რათა პეკინმა რეკრეაციული ფუნქციაც შეიძინოს. პეკინზე უკვე განთავსებულია სკამები. პეკინის ქუჩაზე სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.