მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სოციალური ქსელი ”ფეისბუქი” წითელი ჯვრის მექსიკის განყოფილებას 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს, - ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.
”ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დასახმარებლად ”ფეისბუქი” წითელი ჯვრის მექსიკის განყოფილებას 1 მილიონ დოლარს გადაურიცხავს”, - დაწერა ცუკერბერგმა ”ფეისბუქის” პირად გვერდზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ”ფეისბუქი” თანამშრომლობს გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, რათა იმ შემოწირულობებს, რომლებიც ორგანიზაციაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება, არანაირი საკომისიო თანხა არ ეჭრებოდეს.
ადგილობრივი გამოცემის Sol de Puebla-ს ინფორმაციით, შტატ პუებლაში ერთ-ერთი ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაიღუპა. მიწისძვრის მომენტში ეკლესიაში ჩვილის ნათლობის ცერემონია მიმდინარეობდა. სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 230 ადამიანი დაიღუპა.