სკოლებისთვის სამაგიდო თამაშების შესასყიდად გამოცხადებული სამივე ტენდერი დასრულდა.
ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულები შპს „თამაშობანა“ და ინდივიდუალური მეწარმეები - კონსტანტინე დარძულიძე და ხათუნა გელაშვილი არიან.
ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 ათასი ლარია. ტენდერში გამარჯვებული შპს „თამაშობანაა“. კომპანიის შეთავაზებული წინადადებების თანახმად, სკოლებში შეიტანენ სამაგიდო თამაშს „აფორიზმობანა“, რომლის თამაშიც ორნაირად არის შესაძლებელი: აფორიზმობანა ლოტო და აფორიზმობანა ასოციაციობანა. პირველი წესით თამაში შედარებით დაბალი კლასებისთვის არის რეკომენდირებული, როდესაც მოთამაშეები კარგად არ იცნობენ თამაშში ჩართულ ლიტერატურას; მეორე წესით კი თამაში სწავლის პროცესს უფრო სახალისოს და დასამახსოვრებელს ხდის მაღალი კლასებისთვის; რადგან ისინი ამ ლიტერატურას უკვე იცნობენ. საუბარია, 2 000 ცალ სამაგიდო თამაშზე და თითოეული თამაშის ღირებულება 18 ლარია.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, თამაშების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 800 ლარია. ტენდერში ინდმეწარმე კონსტანტინე დარძულიძემ გაიმარჯვა. მისი შეთავაზების თანახმად, სკოლებს „ზოო ტრივიას“ მოდელის 2 ათასი სამაგიდო თამაში დაურიგდებათ. კოლოფში მოთავსებულია A3 ფორმატის „რუკა“, რომელზეც ოთხ ზონად განთავსებულია მინიშნებები, ბანქოს კარტის ფორმის 40 ბარათი, რომელზეც დატანილია ცხოველების (ფრინველების, მწერების, თევზების..) გამოსახულებები. 3 წითელი და 1 ყვითელი ფერის კოჭი - მინიშნებისთვის, 6 წითელი და 6 ყვითელი მონეტა („ფიშკა“)- ქულების დასათვლელად. რაც შეეხება პრინციპს, თამაშობს 2 ან 3 წყვილი. თამაში იწყება ბარათების დარიგებით, რომელსაც ბარათის მფლობელის გარდა ყველა მონაწილე ხედავს. თამაშს იწყებს პირველი წყვილი, პარტნიორმა, ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, იცის (უნდა ახსოვდეს ერთი შეხედვით) რა შეხვდა მის პარტნიორს და ცდილობს წითელი კოჭები სწორად განათავსოს საინფორმაციო დაფაზე და ასე მიანიშნოს. მოთამაშე ფიქრობს, ამბობს პასუხს და აბრუნებს ბარათს. სწორად გამოცნობის შემთხვევაში გუნდი იმატებს ორ ქულას. თამაში აზარტულია და განკუთვნილია სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომლებიც თამაშით ცოდნას ბუნებისმეტყველების მიმართულებით მიიღებენ. ერთი ცალი სამაგიდო თამაშის ღირებულება 6.9 ლარია.
მესამე ტენდერის თანახმად კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 39 980 ლარი იყო. ინდმეწარმე ხათუნა გელაშვილის შეთავაზებული წინადადებების თანახმად კი მომსახურების ღირებულება 39 820 ლარია. საუბარია ჯამში 2 ათას სამაგიდო თამაშზე, ერთი ცალის ღირებულება კი 19,91 ლარია. სამაგიდო ლინგვისტური თამაში II-VI კლასებზეა გათვლილი. თამაში არის აზარტული და საინტერესო და ხელს უწყობს ზოგადი წიგნიერების, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. თამაშის პრინციპი არის სიტყვების შედგენა კროსვორდისებურად. თამაშში მონაწილეობას იღებს 2-დან -4 მოთამაშემდე, რომელთა მიზანია მაქსიმალურად მაღალქულიანი სიტყვის შედგენა. ყველა ასოს აწერია ქულა, ხოლო დაფაზე არსებული პრემიალური უჯრების მიხედვით ხდება ქულების გაორმაგება ან გასამმაგება. მოიგებს ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
სამაგიდო თამაშების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში მოხდება. პროექტს ჯერჯერობით საპილოტე სახე ექნება და საქართველოს მასშტაბით 500-მდე სკოლის ყველა დაწყებით კლასში დარიგდება. საუბარია, ძირითადად მცირეკონტიგენტიან სკოლებზე.
იხილეთ ვიდეო