ცენტრალური და რეგიონული მედიაორგანიზაციები, სატყეო დარგის, ეკოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიისა და ეროზიის ექსპერტებთან, ასევე CENN-ის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ბორჯომის ნახანძრალ ტყეებს დაათვალიერებენ.
მედიატურის ორგანიზატორების ინფორმაციით, მედიატურის მონაწილეები გაიგებენ, თუ როგორ გამოიყურება ბორჯომის ტყეები მასშტაბური ხანძრის შემდეგ, როგორია წინასწარი საექსპერტო შეფასებები და რა გეგმები აქვს სახელმწიფოს მაღალი კონსერვაციული ღირებულების საკურორტო ტყეების აღდგენის მიმართულებით.
CENN-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 20–26 აგვისტოს ტყის ხანძრის შედეგად, ბორჯომში დამწვარია 752 ჰა ფართობი, საიდანაც 525 ჰა 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორიაა.
”ზუსტი ფართობი, დაზიანების კატეგორიები, ტერიტორიაზე არსებული ნიადაგური, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მდგომარეობა და გარემოზე მიყენებული ზიანი დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაგეგმილია სპეციალური კომისიის შექმნა სახელმწიფო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით. თუმცა, პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია წინასწარი ტენდენციების გამოკვეთა და მულტისექტორული დიალოგის დაწყება, მათ შორის, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. ამ მიზნით, CENN-მა ნახანძრალ ფართობებზე უკვე განახორციელა სხვადახვა პროფილის სპეციალისტების რამდენიმე ვიზიტი, რომლებიც მომზადებულ ანგარიშებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მედიატურზე წარადგენენ. ჟურნალისტებს შეეძლებათ, პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია 2017 და 2008 წლების ხანძრებამდე არსებული ტყეების მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიატურზე მოწვეულები არიან 2008 წლის ივლისში ჩატარებული კვლევებისა და 2013-2014 წლების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილე სატყეო დარგის სპეციალისტები. ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობისა (GIZ) და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) ფინანსური მხარდაჭერით”, - აცხადებენ CENN-ში.