აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა და განაცხადა, რომ ეკონომიკის სტიმულირებისას, მის ხელთ აკუმულირებული ბონდების ბაზარზე გამოტანას ოქტომბრიდან დაიწყებს.
ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის (FOMC) სხდომის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთი 1.0-1.25 პროცენტის ფარგლებში დარჩენილიყო, ბაზარი ელოდა. თუმცა სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ კომიტეტი წელს განაკვეთის კიდევ ერთხელ აწევას შესაძლებლად მიიჩნევს.
FOMC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა მის ხელთ არსებული, 4.5 ტრილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციების და სხვა აქტივების გაყიდვას იწყებს, რომლებსაც ფინანსური კრიზისის პერიოდში, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით ყიდულობდა.
FOMC-ის სხდომაზე ასევე მიმოიხილეს აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპი, რის შემდეგაც კომიტეტის წევრები შეჯერდნენ იმ აზრზე, რომ აღნიშნული ტემპი, დოლარზე განაკვეთის გეგმის შესაბამისად აწევის შესაძლებლობას იძლევა. ეს კი ნიშნავს, რომ წელს განაკვეთი მესამედაც (ივნისში გამოქვეყნებული გეგმის შესაბამისად) გაიზრდება.
პარალელურად, გამოქვეყნდა აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, წელს ქვეყნის ეკონომიკა 2.4 პროცენტით გაიზრდება. ეს კი ივნისში გამოქვეყნებულ პროგნოზზე 0.2 პროცენტით უკეთესია. იმავდროულად, 1.7-დან 1.5 პროცენტამდე შემცირდა ინფლაციის ზრდის პროგნოზი.
FOMC-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქარიშხლების - ჰარვის, ირმას და მარიას მიერ მიყენებული ზარალი, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპზე გავლენას ნაკლებად იქონიებს.
FOMC-ის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, დოლარის ინდექსი 0.22 პროცენტით, 91.81-მდე გაიზარდა. ოქროს ფიუჩერსები კი 1 309.75 დოლარამდე შემცირდა.