საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც ფადი ასლი აცხადებს, ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს, ვერც სააპელაციო სასამართლოს და ვერც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვერ შეცვლის მის აზრს იმის თაობაზე, რომ „ვლადიმერ კაკაბაძე კორუმპირებული მოსამართლეა“.
„კორუმპირებული მოსამართლეების მიმართ ხელის დაფარების ნაცვლად, საქართველოს სასამართლო სისტემამ უნდა გაწმინდოს სასამართლოები არაკეთილსინდისიერი ელემენტებისგან, რათა სასამართლოს მიმართ აღდგეს ნდობა და პატივისცემა. მოსამართლე კაკაბაძის ღირსება დაიკარგა სწორედ იმ დღეს, როცა მან მიიღო კორუმპირებული გადაწყვეტილება კომპანიების „ფილიპ მორისისა“ და „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ საქმეებზე. ვლადიმერ კაკაბაძის მსგავსი მოსამართლეები ციხეში უნდა ისხდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პრეცედენტულ გადაწყვეტილებად მოხსენიებული სასამართლო დადგენილების მიზანია საქართველოს მოქალაქეებს შეეშინდეთ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა, როგორც კორუმპირებული მოსამართლეების მიმართ, ასევე კორუმპირებულ სისტემაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური, რადგან ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციით მინიჭებულ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - აცხადებს ფადი ასლი.
ის აპირებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს, ადგილობრივი რესურსის ამოწურვის შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.
მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის ფადი ასლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო გადაწყვეტილებით, მოპასუხე ფადი ასლის დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იმ მედიასაშუალებებში, სადაც სადაო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა. სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფადი ასლის 3 000 ლარის გადახდა დააკისრა.