"პალიტრა L"-მა სასჯელაღსრულების სამინისტროს წიგნები აჩუქა

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 80 დასახელების 700-ზე მეტი წიგნი გადასცა.

ღონისძიება "მედია პალიტრის" ოფისში დღეს გაიმართა. აღდგომის დღესასწაულისა და "მედია პალიტრის" დაბადების დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკები გამომცემლობისგან სხვადასხვა გამოცემებით დასაჩუქრდნენ.

უწყებისთვის გადაცემულ წიგნებს შორის არის სერიების - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "ჩემი რჩეული მსოფლიოს", ნათარგმნი ლიტერატურის, წმინდანთა ცხოვრების შესახებ გამოცემები.

როგორც "პალიტრა L"-ის მთავარმა რედაქტორმა, ნინო დეკანოსიძემ აღნიშნა, "პალიტრა L" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს და დაწესებულებებს წლების განმავლობაში სხვადასხვა წიგნებს გადასცემს. მისივე თქმით, გამომცემლობამ ცოტა ხნის წინ წიგნები არასრულწლოვან მსჯავრდებულებსაც გადასცა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნინო გელაშვილის თქმით, ნაჩუქარი წიგნები საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების 12-მდე დაწესებულებაში გადანაწილდება.