უკვე დიდი ხანია, მე არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, „TV პირველის“ ეთერში გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, აქვს თუ არა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ბიზნესკავშირები რუსეთთან და არის თუ არა იგი ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი, რადგან, ამის თაობაზე პერიოდულად სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება.
„მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და ეს არის ჩემი გააზრებული, აბსოლუტურად მიზანმიმართული გადაწყვეტილება. რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩემს ბიზნესკავშირებს ან აქტივობებს ეხება ქვეყნის გარეთ: მეც მსმენია ამის შესახებ და მოგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია, მე არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში, ეს ერთი და მეორე - არ მაქვს არანაირი ბიზნესკავშირები და ინტერესები საქართველოში. ეს არის ფაქტი და ამ ყველაფრის გადამოწმება შესაძლებელია. რაც მთავარია, მე არ მაქვს არანაირი კომერციული შემოსავალი რომელიმე ქვეყანაში დარეგისტრირებული კომპანიებიდან. ვფიქრობ, ეს არის ამომწურავი პასუხი და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც მე ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, არც ფორმალური და არც არაფორმალური ბიზნესის, ეკონომიკური და თუ სხვა რაიმე სახის კავშირები რუსეთის ფედერაციასთან არ გამაჩნია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.