თბილისის მერი დავით ნარმანია მძღოლებს მოუწოდებს, არ გააჩერონ ავტომანქანები ავტობუსის სპეციალურ ხაზებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებიან. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის მერმა პეკინის ქუჩაზე დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივ მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. დავით ნარმანიას თქმით, პეკინის ქუჩაზე დღეიდან სპეციალურად მოწყობილ ხაზზე ავტობუსები, ასევე მიკროავტობუსები იმოძრავებენ. შესაბამისად, მოძრაობა მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ორმხრივია, სხვა სახის ტრანსპორტისთვის კი რჩება ცალმხრივი.
”მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებს ნუ გამოიყენებენ მანქანების გასაჩერებლად. სხვა შემთხვევაში მათზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც დაჯარიმებას ითვალისწინებს და ამ ყველაფერს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.