ტექდათვალიერება არის ნომერ პირველი საკითხი საზოგადოებისთვის, რომელიც დღის წესრიგში დგას ტრანსპორტის და საგზაო უსაფრთხოების სფეროში, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ხელისუფლებისთვისაც ნომერ პირველი თემაა.
ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსგან, რომელიც ტექდათვალიერებას კურირებს, არავითარი ინფორმაცია არ გაიცემა, თუ რას გეგმავს ხელისუფლება ამ მიმართულებით.
ლალიაშვილის თქმით, 2018 წლის 1-ელ იანვრამდე მილიონზე მეტი ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება ვერ განხორციელდება, იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.
„ტექდათვალიერება აქტუალური საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ საგზაო შემთხვევებისას ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში არიან ძველ ავტომობილებში მსხდომი მძღოლი და მგზავრები. გარდა ამისა, მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხია გამონაბოლქვი და ჰაერის ხარისხი, რომელსაც ვსუნთქავთ, ამ მხრივ, ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან ორსულები და ჩვილი ბავშვები.
მაშინ, როცა 1-ელ იანვარს არის დაანონსებული ტექნიკური ინსპექტირების ძალაში შესვლა, პრაქტიკულად მხოლოდ 3 თვე რჩება იმისთვის, რომ ამხელა პროცესი წარიმართოს. ჩვენ სამწუხაროდ, არარეალისტურად გვეჩვენება 1-ელ იანვარს რეგულაციების ძალაში შესვლა, გამომდინარე იქედან, რომ მილიონზე მეტ ავტომობილს აქვს ტექინსპექტირება გასავლელი. დღეს მხოლოდ 34 ტესტირების ხაზი არსებობს, ხოლო მილიონზე მეტი ავტომობილის შემოწმებას მინიმუმ 100 ტესტირების ხაზი მაინც სჭირდება. ამ რეალობიდან გამომდინარე, გვაქვს შეკითხვები, როდის იქნება თუნდაც პირველი კონსულტაცია სამოქალაქო სექტორთან, იმისთვის, რომ გავეცნოთ, რა სტანდარტებზეა საუბარი და რა გეგმები აქვს ხელისუფლებას ამ კუთხით“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში იკისრა ვალდებულება, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე ყველა ავტომობილის ტექდათვალიერება განხორციელდებოდა, თუმცა ამ პერიოდში მოთავსებაც კი გარკვეული კითხვის ნიშნების ქვეშ არის.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვაქვს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 1-ელი სექტემბერი არის ბოლო ვადა. მაშინ, როცა საქართველო ცდილობს გახდეს ევროპის ოჯახის წევრი, არასასურველია მსგავსი საკითხის რისკის ქვეშ დაყენება.
2018 წლის სექტემბრამდე ერთი წელია და ჰაერის დაბინძურების პრობლემა კიდევ უფრო მოიმატებს. კვლევებით დადგინდა, რომ ჰაერში აზოტის დიოქსიდი ჭარბი რაოდენობითაა, რაც პირდაპირ კავშირშია სიმსივნური დაავადებების გაჩენასთან“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ავტოპარკის 90% 10 წელს გადაცილებული ავტომობილებითაა წარმოდგენილი, რის განახლებასაც წლები და გარკვეული რეგულაციები სჭირდება.