ბიზნესი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს

2012 წლის მაისში ტელეკომპანია ”პირველი სტერეოს” ირგვლივ განვითარებული მოვლენები საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა. ტელეკომპანია ”ნაციონალური” ხელისუფლების გულშემატკივრებმა (თუ წარმომადგენლებმა) დაარბიეს.

”პირველი სტერეოს” დირექტორი, დავით ზილფიმიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ახალ დირექტორად კი ვინმე ვასილ კობაიძე, დავით ბეჟუაშვილის ახლო ნათესავი დანიშნეს.

დავით ზილფიმიანს ”სტერეო+”-ში 68%-იანი წილი ეკუთვნოდა, ”პირველ სტერეოში”კი 22%-ს ფლობდა.

მოგვიანებით მოვლენები სულ სხვა სცენარით წარიმართა: ხელისუფლება შეიცვალა და ტელეკომპანიის წარმომადგენლებს სამართლიანობის აღდგენის იმედი მიეცათ. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, დავით ზილფიმიანი ამბობს, ჯერჯერობით ამას ვერ მიაღწია.

დავით ზილფიმიანი, ”სტერეო+”-ის პირველი დამფუძნებელი, საქართველოს კოსმოსური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:

- ყველამ იცის, რომ ”სტერეო+”-იც და ”I სტერეოც” 2012 წლის მაისში დაარბიეს ”ნაციონალური”მთავრობის მიერ მოგზავნილმა ”სოდისა” და ”კუდის” წარმომადგენლებმა. ეს ცნობილი ამბავია და ბევრს აღარ გავაგრძელებ. ნაწილობრივ, კომპანიის მფლობელები იყვნენ იტალიელები, ხოლო ნაწილობრივ, ეს ქართული კომპანია იყო. ”I სტერეოში” მოწილე იყო თქვენთვის კარგად ცნობილი დავით ბეჟუაშვილი. თითქოს რაღაც ფინანსური საბაბით შემოიჭრნენ აქ, თუმცა მათი ძირითადი სამიზნე "სტერეო+" იმიტომ გახდა, რომ ჩვენმა კომპანიამ შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ხელშეკრულება დადო ”ტვ-9”-სთან. სწორედ ეს გახდა დარბევის მიზეზი. მიუხედავად აუტანელი ვითარებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მაუწყებლობა არ შეგვეწყვიტა.

-ამჟამად რა ხდება? თუ გამოიძიეს, ვინ დაარბია ”I სტერეო” და ”სტერეო+”?

- ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, რადგან დარბეული კომპანიის გამო პასუხი არავინ აგო. თავის დროზე ”სტერეო+”დაგვიბრუნეს იტალიის ელჩისა და დიპლომატიური კორპუსის ჩარევის შედეგად, მაგრამ ამ დარბევებზე ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი? დაგვარბიეს, აქაურობა დალეწეს, დაამსხვრიეს და ბოლოს - არაფერი?! საქმე მთავარ პროკურატურაშია და უკვე ორი წელია პროკურატურა იძიებს. ახლა თითქოს უფრო აჩქარდნენ, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში პარადოქსული რაღაცები ხდებოდა. მაგალითად: ყოფილმა პროკურორმა ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელსაც პირადად შევხვდი, საქმე უკან გაიწვია. უკვე ყველაფერი გარკვეული იყო და საქმე სასამართლოსთვის უნდა წარედგინათ, მაგრამ რა მოხდა? - ლაშა ნაცვლიშვილი შემხვდა, ვისაუბრეთ და ამის შემდეგ დაიკარგა, აორთქლდა! ხოლო იმათ, ვინც ჩვენი კომპანიის საქმეს ახლა იძიებს, ყველაფერი ”გადაქარგული” დახვდათ. მე მგონი, ბავშვისთვისაც გასაგებია, რაც მოხდა: საქმე უკვე გახსნილი იყო, მაგრამ ბეჟუაშვილის ზეგავლენით სასამართლომდე არ მივიდა და ახლა იძულებულნი არიან, ხელახლა გამოიძიონ. თუმცა, გამოსაძიებელი ბევრი არაფერია, მთავარია საქმე სასამართლომდე მივიდეს, მერე უკვე სასამართლო დაადგენს - ვინ იყო დამნაშავე და ვინ - არა. რა თქმა უნდა, ბეჟუაშვილი და მისთანები ახლაც ყველანაირად ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდონ. მათ ბევრი დაზარალებული ჰყავთ და ზარალი ყველას რომ აუნაზღაურონ, თვითონ აღარაფერი დარჩებათ, ეს დიდი ფულია. ამიტომ, ურჩევნიათ, რომ საქმე ჩაფარცხონ. სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ? ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა: ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ჯერ საქმე ”მიაძინა”, მერე კი, რომ შევხვდი და პასუხი მოვთხოვე ამის გამო, რამდენიმე კვირაში ”გაქრა” - უცხოეთში გაიქცა.

-რატომ ასხვისებთ თქვენს წილებს, იქნებ იმიტომ, რომ ამ საქმეზე გული აგიცრუვდათ?

- რა თქმა უნდა, გულიც გამიტყდა და ამდენი არეულობის შემდეგ კიდეც დავიღალე, მაგრამ კომპანიას ვასხვისებ მოწადინებულ ადამიანებზე, რომლებსაც საქართველოსთვის ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვთ გაკეთებული. თუნდაც ის რად ღირს, რომ პირველი დამოუკიდებელი მაუწყებლობა საქართველოში ჩვენმა კომპანიამ დაიწყო და მისი თანადამფუძნებლები იტალიელები იყვნენ. გადავწყვიტე, რომ უფრო მეტი დრო დავუთმო მეცნიერებას, რადგან ეს ჩემი საქმეა.

- როგორც ვიცი, ”I სტერეოში” ჯერ თქვენს წილს ვერ ასხვისებთ.

- ”I სტერეოში” ვერ ვასხვისებ იმიტომ, რომ მოსამართლემ ეს პროცესი შეაჩერა როგორც ჩემთვის, ასევე ბეჟუაშვილის მხარისათვის. ამიტომ, ”I სტერეოში” მფლობელი ვინ იქნება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საბედნიეროდ, ახლა უფრო მოწადინებულია პროკურატურა, რომ ყველაფერი გაარკვიოს.

- სად არის ახლა ვასილ კობაიძე?

- მას თავისი გასაჭირიც ეყოფა, რადგან ამ გაუგებრობაში ბეჟუაშვილის გამო მოხვდა. პროკურატურაში უამრავი ჩვენებაა, რომ ვასილ კობაიძეც და სხვებიც ბეჟუაშვილის მითითებით მოქმედებდნენ. ამ მანკიერების ძირითადი წყარო სწორედ დავით ბეჟუაშვილია. ის ახლა დეპუტატია, იმუნიტეტი აქვს და ”ქვეყნის სასიკეთოდ” მოღვაწეობს პარლამენტში. ალბათ, ავიწყდება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული. ბეჟუაშვილმა ისიც კი გაბედა, რომ საწესდებო კაპიტალი გაზარდა და ახლა სურს დაამტკიცოს, რომ არც მე და არც იტალიელებს, ტელეკომპანიაში წილი აღარ გვაქვს. ნაცვლად იმისა, რომ მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა კომპანიას და სასამართლოს წინაშე წარდგეს, თავის მტაცებლურ ბუნებას არ იშლის. სწორედ მასზეა ნათქვამი: მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, მაგრამ დიდი ხანი არ დარჩა, ყოველთვის ვერ იპოვის ნაცვლიშვილის მსგავს პროკურორს. რაც უშოვნია, ეს არის მიტაცებული ფული და ქონება. ზურაბ ადეიშვილი წერდა კანონებს, რომლებიც მას ამ მტაცებლობაში ხელს უწყობდა და ეს პროცესი ინერციით დღემდე გრძელდება. ძველი კავშირები ახლაც არსებობს. როდესაც კაცი ამ წუმპეში მოხვდება, მერე ძნელია იქიდან ამოსვლა. ეს არის მექანიზმი, რომელთან დაპირისპირებაც საკმაოდ რთულია, მაგრამ საბედნიეროდ, ბეჟუაშვილების მტაცებლობის ხანა უკვე დამთავრდა. კიდევ რამდენი ადამიანი ჰყავს გაუბედურებული, სულ მალე გაიგებთ. მე კი, მიუხედავად ყველაფრისა, რომ მოსულიყო და ეთქვა მაპატიეო, ვაპატიებდი.

- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსმოსური კვლევის ცენტრ NASA-სთან იწყებთ თანამშრომლობას.

- მე მეცნიერებიდან მოვდივარ. ორი ათეული წელია ვმუშაობ ევროპაში, მიღებული მაქვს მონაწილეობა ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტებში, ამ მიმართულებით იტალიაშიც ვმუშაობდი, ახლა კი საშუალება მომეცა ჩემი საქმე ამერიკაშიც გავაგრძელო. მიწვეული ვიყავი NASA-შიც, ეს ჩემი პროფესიაა, მაგრამ გადავყევი ამ ბეჟუაშვილებს. ზოგჯერ ზარალის ანაზღაურების იმედი აღარც მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან მინდა ვიგრძნო, რომ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობ. ვეღარაფრისთვის ვიცლი, იმიტომ რომ, თვეში 3-4 სასამართლო პროცესზე მიწევს მისვლა. ცხოვრებაში სასამართლოში არ ვყოფილვარ, ახლა კი იძულებული ვარ, ვიარო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს!

ხათუნა ჩიგოგიძე