ბრაიან თრეისის წიგნი ”მიზნები”, რომელიც შეუძლებელს შეგაძლებინებთ, ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია

”გაიუმჯობესე ცხოვრება იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოგიდგენია" , - ასე ჟღერს ბრაიან თრეისის მოწოდება წიგნში ”მიზნები”, რომელიც სექტემბრის ბოლოდან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი იქნება. წიგნს გამომცემლობა ”პალიტრა L” ბიზნესგამოცემების სერიის ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში ამზადებს. ქართველებისთვს უკვე კარგად ცნობილი ავტორის წიგნს ქართველი ბიზნესსაზოგადოება, ისევე როგორც ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები და დამწყები ბიზნესმენები დიდი ხანია ელოდებიან.

ეს წიგნი ამბიციური ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წინსვლა და წარმატება, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორად დასახული მიზნები და მათი მიღწევის გონივრული მეთოდები. ეს ყველაფერი კი ბრაიან ტრეისის წიგნშია თავმოყრილი. ავტორი მარტივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, არგუმენტირებულად და ორიგინალურად ხსნის, თუ როგორ მიაღწიოთ სასურველს. წიგნი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და აგარიდებთ ხანგრძლივ და მძიმე შრომას.

”მიზნები” ჩემი უსაყვარლესი წიგნია ბრაიან თრეისის შემოქმედებაში. ეს არის წიგნი, რომელმაც სრულად შემიცვალა აზროვნება და ჩემი კარიერის განვითარების საფუძველი გახდა. საზოგადოდ, ადამიანებს ყველაზე ხშირად აქვთ იმის პრობლემა, რომ არ იციან, რა უნდათ სინამდვილეში. მათ უჭირთ გარკვევა, სად მიდიან, როგორ მართონ საკუთარი ცხოვრება და რას უნდა მიაღწიონ მომავალში. ეს წიგნი კი სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ უპოვიათ საკუთარი თავი. წიგნის ავტორი მკითხველს შთააგონებს, დაისახოს მიზნები და მიაღწიოს მათ. წიგნში მოცემულია მიზნის მიღწევის სხვადასხვა გზა. მოიცავს 21 ძირითად იდეას, რომელიც პრაქტიკაში უნდა განახორციელო. საკუთარ თავზე გამოვცადე ამ რჩევების ძალა და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია. გირჩევთ, წაიკითხოთ ეს წიგნი. დამერწმუნეთ, აუცილებლად მიხვდებით, რომ ის, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ, შესაძლებელია,” - ასე აფასებს წიგნს ”დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფის” გენერალური დირექტორი, ბიზნესკონსულტანტი დავით კენჭაძე.

რაც შეეხება ავტორს, ბრაიან თრეისს მოიხსენიებენ, როგორც გაყიდვების გურუს. ის მართვის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო მრჩეველი, ინსტრუქტორი, კონსულტანტი და სპიკერია. ტრეისი ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მართავს ტრენინგებს და მისი აუდიტორია 250 000-ზე მეტი ადამიანია. გახლავთ 1 000-ზე მეტი კომპანიის მრჩეველი და ინსტრუქტორი, ასამდე წიგნის ავტორი, რომლებიც ოცდათვრამეტ ენაზეა ნათარგმნი. მათი უმეტესობა მსოფლიო მასშტაბის ბესტსელერია.

2015 წელს მან საქართველოში ჩაატარა გაყიდვების მასტერკლასი, რომელსაც უამრავი მსმენელი დაესწრო როგორც საქართველოდან, ისე რეგიონის ქვეყნებიდან. ქართულ ენაზე უკვე ნათარგმნია მისი კიდევ ერთი ბესტსელერი ”შეჭამე ბაყაყი”. გამომცემლობა ”პალიტრა L” აგრძელებს ბრაიან ტრეისის წიგნების თარგმნას და ახლო მომავალში ბიზნესგამოცემების სერიის ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში მის სხვა წიგნებსაც შესთავაზებს ქართველ საზოგადოებას.