კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა აგვისტოში 183.7 მილიონი ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის გარეშე), აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 183.7 მილიონი ლარით (1.0%-ით) (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3%-ით) გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკრედიტო დაბანდების მოცულობამ მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 19.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 79.8 მილიონი ლარით (1.0%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 104.0 მილიონი ლარით ანუ 0.9%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2%-ით შემცირდა) გაიზარდა.

სებ-ის ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 2.2 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მილიარდი ლარის (1.0%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.1%-ით ნაკლები) ჰქონდათ გაცემული.

„2017 წლის აგვისტოს განმავლობაში 2.0%-ით ანუ 194.3 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 10.1 მილიარდი ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.77% შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.28 პროცენტული პუნქტით გაიზარდა,“- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.