ახალი ენერგოომბუდსმენის ახალი გეგმები

საპარლამენტო კომისიამ სალომე ვარდიაშვილი ენერგოომბუდსმენად ერთხმად აირჩია. ვარდიაშვილი მოვალეობის შესრულებას, სავარაუდოდ, 1 მაისიდან დაიწყებს.

როგორც ახალი ომბუდსმენი აცხადებს, მისი მთავარი პრიორიტეტია, ყველა მოქალაქის პრობლემას სათანადო ყურადღება მიექცეს. ”ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ არა მხოლოდ მოქალაქეების მიერ შემოტანილ განცხადებებზე, არამედ აქტურად განვახორციელოთ მედია და ინტერნეტ მონიტორინგი, რათა ჩვენ თვითონ აღმოვაჩინოთ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები”, - აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.

ვარდიაშვილი დღემდე სახალხო დამცველის ოფისში მუშაობს. ის მომხმარებელთა ინტერესებზე 5 წლის მანძილზე იზრუნებს.

ცნობისთვის, მოქალაქეთა განცხადებებს ენერგოომბუდსმენის ოფისთან ერთად, ”სემეკის” შესაბამისი დეპარტამენტი განიხილავს. 2013 წელს წერილებისა და აბონენტებისთვის ჩამოწერილი თანხის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიების მიერ უკანონოდ დარიცხულმა თანხამ შარშან 1 მილიონ 231 ათასი ლარი შეადგინა.