„ამ სამსახურიდან წასვლის შემდეგ - ერთმნიშვნელოვნად გავხდები ფერმერი“. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ფერმერთა ასოციაციის სათათბიროს დაფუძნების ღონისძიებაზე განაცხადა.
„მე დღეს ალბათ ძალიან დიდი გადაწყვეტილება მივიღე, თუ რას გავაკეთებ ამ სამსახურიდან წასვლის შემდეგ - ერთმნიშვნელოვნად გავხდები ფერმერი და მინდა, იცოდეთ ერთი რამ, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, არის სამაგალითო. ეს არის საზოგადოების ორგანიზების მოდელი და იმის მოდელი, თუ როგორ უნდა აიღოს ცალკეულმა ადამიანმა თავის თავზე პასუხისმგებლობა - სახელმწიფოს კი არ უნდა უყუროს და მისგან რაღაცას ელოდოს, არამედ თავად აიღოს პასუხისმგებლობა. თქვენ ამ მაგალითს აძლევთ ყველას - ადამიანებს, სხვადასხვა დარგობრივ გაერთიანებას და ეს არის ყველაზე მთავარი - განაცხადა გახარიამ.
მანვე ფერმერთა ასოციაციას დაარსების 5 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ასოციაცია დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული პროფესიული გაერთიანებაა, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში დიდი წვლილი შეაქვს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია 2012 წელს ნინო ზამბახიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა და ამჟამად 2000-მდე ფერმერს აერთიანებს.