ხობში მდებარე თაბაშირ-მუყაოს ფილებისა და მშრალი სამშენებლო მინარევების ქარხანა 5 მილიონ დოლარად იყიდება. ქარხანა 2,8 ჰექტარ კერძო მიწის ნაკვეთზე მდებარეობს.
როგორც ბიზნესის აღწერაშია აღნიშნული, მშრალი მინარევების საწარმო 2014-2015 წლებში აშენდა და ამავე წლებში მოხდა თაბაშირ-მუყაოს ქარხნის ნაწილობრივი გადაიარაღება.
ამასთან, როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, კომპანიას 20 წლიანი ლიცენზიითა და 1 300 000 ტონის მარაგით საკუთარი თაბაშირის კარიერი გააჩნია, რომელიც ქარხნიდან 75 კმ-ის მოშორებით მდებარეობს; მის საკუთრებაშია ასევე საკუთარი კირქვისა (ქარხნიდან 30 კმ-ის მოშირებით) და ქვიშის (ქარხნიდან 25 კმ-ის მოშორებით) კარიერი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად, ქარხანა სრულად არის დაკომპლექტებული ყველა საჭირო ტექნიკით, ინვენტარითა და საბრუნავი საშუალებებით. მისი ყოველთვიური წარმადობაა: თაბაშირ-მუყაოს 150 000 კვადრატული მეტრი, 2 000 ტონა მშრალი სამშენებლო მინარევები ქვიშის ბაზაზე და 500 ტონა თაბაშირის ბაზაზე.
კომპანიას დღიურად საწყობში აქვს დაახლოებით 15 000 - 20 000 ამერიკული დოლარის ნაშთი და ამჟამად გააჩნია 200 000 ამერიკული დოლარის საბრუნავი საშუალებები და ნედლეული ასორტიმენტში, როგორც საწყობში, ასევე გზაში.