აეროპორტი არის თბილისის ახალი სახე და გახსნილი კარი მსოფლიოში, - ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმედ არსლანმა განაცხადა.
”მინდა გადმოგცეთ ჩვენი პრეზიდენტის და პრემიერის მოლოცვა ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელების გამო. ეს და მსგავსი პროექტები ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ზრდის. TAV თურქული ბრენდი და თურქეთის სახეა, მის მიერ განხორციელდა 60 მილიონიანი ინვესტიცია და აშენდა თბილისის აეროპორტი, რაც არის თბილისის სახე და მინდა მივულოცო TAV-ს ეს გამარჯვება. ეს არის თბილისის ახალი სახე და თბილისის გახსნილი კარი მსოფლიოში”, - განაცხადა მინისტრმა.
აჰმედ არსლანმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოში თურქული ინვესტიციები გაიზარდა, რაც დიდ წვლილს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში.
”2005 წელს სამი რეისი სრულდებოდა თბილისსა და სტამბულს შორის, ახლა 47 რეისს მიაღწია, რაც კარგი მაჩვენებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით“ , - განაცხადა აჰმედ არსლანმა.
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ბოლო ორ წელიწადში ორჯერ მოეწყო შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისში შეხვედრის დროს სარფში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო დადგა დღის წესრიგში მურათ ლი მარადიდის ალტერნატიული სასაზღვრო კარების გახსნის საკითხი. ეს სასაზღვრო კარები აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდი სავაჭრო პოტენციალია ჩვენს ქვეყნებს შორის. თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიციების განმახორციელებელი ქვეყანა. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც კასპიური ნავთობის და ენერგომატარებლების გამტარი ქვეყანა, ასევე სატრანზიტო ქვეყანა, საავტომობილო სატრანზიტო დერეფანი. ეს განსაზღვრავს იმას, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ ძალიან ბევრ საკითხში. 2011 წელს ხელმოწერილი ოქმის შედეგად ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ მეორე ქვეყანაში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რაც ყოველდღიურად უფრო აღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს”, - განაცხადა აჰმედ არსლანმა.