6 ოქტომბერს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამოს“ სტადიონზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უელსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო რჩევებსა და რეკომენდაციებს ავრცელებს საკუთარი ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოსვლას და მატჩზე დასწრებას აპირებს.
ბრიტანეთის საელჩო დეტალურად განუმარტავს თავის მოქალაქეებს თუ რა უნდა გაითვალისწინონ პასპორტთან, ვიზებთან და ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის აეროპორტიდან ბრიტანელ სტუმრებს ქალაქის ცენტრამდე მისვლა დაახლოებით 30 ლარად შეუძლიათ. ამასთან ერთად, საელჩო მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქუთაისის აეროპორტიდან თბილისამდე მგზავრობის შესახებ.
როგორც საელჩოს რეკომენდაციებშია აღნიშნული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თბილისში გადაადგილება რთულია. ტროტუარები, მათ შორის მთავარ გზასთან ახლოს მდებარე ტროტოურები მოუწყობელია შშმ პირებისთვის.
„კრიმინალი თბილისში დაბალია, თუმცა დროდადრო ქალაქის ცენტრში, ღამით, სიბნელეში მძარცველები ჩნდებიან, განსაკუთრებით ბარებისა და კლუბების სიახლოვეს, ასევე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებთან. იყო შემთხვევები სექსუალური ძალადობის შესახებ ტაქსის მძღოლების მხრიდან. თავი აარიდეთ დიდი თანხით სიარულს, ასევე შეეცადეთ თავი შეიკავოთ ღამით მარტო სიარულისგან. ყურადღებით იყავით გზის გადაკვეთისას. შუქნიშანზე - წითელი და გზაზე ზებრა არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს. ავარიები საკმაოდ ხშირად ხდება, რაც ძირითადად არასწორი მართვითა და მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული. ქალაქში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები, ასე რომ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება კაფე/პაბებში მოგიწევთ“, - ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში უელსის ნაკრების ქომაგებისთვის.