"ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 70 % შესრულებულია"

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 70 % შესრულებულია , - ამის შესახებ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც დღეს თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით მიემგზავრებიან.

გიორგი გახარიამ კოლეგებს თბილისში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ რამდენიმე ხნის წინ, დაახლოებით, ივლისში გვქონდა მსგავსი ინსპექტირება თურქეთიდან-ყარსიდან, მაგრამ მაშინ სრულად ვერ შევძელით, მოგვიწია ტრანსპორტის შეცვლა. დღეს გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ რკინიგზით მივალთ თურქეთის საზღვრამდე, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაოების დაახლოებით 70%-ია შესრულებული საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა სატესტო რეჟიმში რკინიგზის გაშვება, ალბათ, შესაძლებელი იქნება, თუ არა, ამას დაადასტურებს ჩვენი დღევანდელი ინსპექტირება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სატესტო რეჟიმში შესაძლებელია ამ რკინიგზის გაშვება, მაგრამ სამუშაოების დაახლოებით, 70%-ია შესრულებული საქართველოს მონაკვეთზე. გარკვეული ნაწილის ელექტროფიცირებაა საჭირო, მოსამზადებელია საბაჟო, სანიტარული სამსახურები და ა.შ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადებში ეს დასრულდება. ის, რომ სამი ქვეყანა რკინიგზით ერთმანეთს დაუკავშირდა, არ ნიშნავს, რომ პროექტი დასრულებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტის პირველი ეტაპია დასრულებული და წინ კიდევ ბევრი სამუშაოა", - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება დროს, მინისტრის თქმით, „ეს იქნება ცნობილი, დაახლოებით, ერთ-ორ კვირაში, როდესაც თანამშრომლები დღევანდელი ინსპექტირების შედეგების ანალიზს გააკეთებენ“.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანის შემთხვევაში გასაკეთებელი ბევრი არ იყო, რაც შეეხება თურქეთს, იქ სამუშაოების შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით, საქართველოს მსგავსია.