საერთო ჯამში, ფისკალური გამჭირვალობის შეფასების ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში დადებითია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ამ კუთხით გასაკეთებელი , - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასებისას განაცხადა.
მერსედეს ვერა მარტინის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უფრო კონკრეტული და ვრცელი ანგარიში საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შესახებ მოგვიანებით მომზადდება.
„საერთო ჯამში ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მუშაობას ფისკალური გამჭირვალობის კუთხით. შარშანდელი წლიდან შეიმჩნევა წინსვლა, რადგან არაერთი დადებითი ცვლილება განხორციელდა.
რაც შეეხება საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელს, ეს არის მისაღები საშუალება საჯარო ინვესტიციებისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო ფინანსების მობილიზებისთვის. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ სამთავრობო სტრუქტურებს, რომ დააწესონ რეგულაციები რისკების შესამცირებლად. ქვეყნის ფისკალური მდგომარეობის ანალიზის ფარგლებში ჩვენ ვაკვირდებით ყველა საჯარო ინსტიტუტს, განვიხილავთ საქართველოს კანონს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შესახებ და ყველა სახის საჯარო ინსტიტუტს, რომელიც ბიუჯეტისთვის რისკის შემცველია“, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.
საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შესახებ შეხვედრა დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა.