ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 75%-იანი წილი ჩინურ კონგლომერატს CEFC-ს („სი ი ეფ სი“) საკუთრებაში 24 589 000 ლარად გადაეცა.
საპრივატიზებო პირობების თანახმად, კომპანიამ ფოთის თიზ-ის განვითარების მიზნით, არანაკლებ 150 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ინვესტიციის განხორციელება ორ ეტაპად არის შესაძლებელი, კერძოდ, პირველ ეტაპზე 50 მილიონი, ხოლო მე-2 ეტაპზე 100 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
ფოთის თიზ-ის შესახებ შეთანხმებას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი სიემენში გამართული ჩინურ-ქართული ბიზნესფორუმის ფარგლებში მოაწერა.
”შეთანხმება ითვალისწინებს კომპანია CEFC-ის მიერ ფოთის ინდუსტრიული ზონის მართვას, ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-ის გასხვისებას, რომელიც დღეს სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოთის ინდუსტრიული ზონა არის ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი და მისი გაცოცხლება, მისი აქტიური ამუშავება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, ასეთი მსხვილი ჩინური კომპანიის გამოჩენა ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმატების მომტანი იქნება. ვფიქრობთ, რომ ამ კომპანიას შესწევს უნარი, ძალა და ცოდნა იმისთვის, რომ მსგავსი რთული და მსხვილი პროექტები მართოს. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამ პროექტის განხორციელებაზე“, - განაცხადა ფორუმზე გახარიამ.