თბილისის მასშტაბით ჰაერში მტვრის ჭარბი რაოდენობა ყველაზე მკვეთრად წერეთლის გამზირზე ფიქსირდება

თბილისის მასშტაბით ჰაერში მტვრის ჭარბი რაოდენობა ყველაზე მკვეთრად წერეთლის გამზირზე ფიქსირდება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ განაცხადა, ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვიდან მოდის. რაც შეეხება ტყვიას, ბაგრატიას განცხადებით, ის დასაშვებ ნორმაშია.

მისი განმარტებით, მტვერთან დაკავშირებით, რაიმე არსებითი ცვლილებები არ არის და მუდმივად ერთნაირ მაჩვენებლებს შორის მერყეობს - არც გაუმჯობესებაა და არც გაუარესება, ტყვიასთან მიმართებაში კი მკვეთრი გაუმჯობესებაა.

„თბილისში არსებულ 4 ავტომატურ სადგურზე 24 - საათიანი მონიტორინგი გვაქვს და ცდომილება 0%-ია. სადგურები გვაქვს ვაშლიჯვარში, წერეთელის გამზირზე, ვარკეთილში და ყაზბეგის გამზირზე. მონაცემები განსხვავებულია თვეების მიხედვით და მეტეოროლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე. ძირითადად, გადაჭარბებულია ჰაერში მტვერი, რაც ყველაზე მკვეთრად წერეთლის გამზირზე ფიქსირდება. რაც შეეხება ტყვიას, დასაშვებ ნორმაშია და გავრცელებული ინფორმაცია, რომ გადაჭარბებულია, არ შეესაბამება სიმართლეს. უფრო მეტიც, 2016 წელს თბილისში ტყვიის რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 5-ჯერ შემცირდა.

შესაძლოა, სხვა ლოკაციებზე ჰაერი უფრო მეტად დაბინძურებულია, მაგრამ ჩვენ სადგურები გვაქვს 4 წერტილში და შესაბამისად, მონაცემების შედარებას სხვა ლოკაციებთან დაკავშირებით ვერ ვახდენთ“, - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორულ მონაცემებს, თამარ ბაგრატიას ინფორმაციით, ბოლო კვლევების მიხედვით, ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ნიკოლაძე-მელიქიშვილის კუთხეში და პეტრიაშვილი-მელიქიშვილის კუთხეში აზოტის დიოქსიდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.