26 წლის ქართველი გოგონა ანა ყალიჩავა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიაში ბიოფიზიკის მიმართულებით საქმიანობს.
პროექტი, რომელზეც ანა ჰოლანდიაში, დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშაობს, სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს - უჯრედების გაყოფის ციკლს შეისწავლის.
AMBEBI.GE ანა ყალიჩავას მისი ცხოვრების, მიზნების, მიღწევებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.
- გვიამბეთ თქვენ შესახებ, რას საქმიანობდით თბილისში და რატომ გადაწყვიტეთ მეცნიერი გამოსულიყავით?
- რთულია აირჩიო ათვლის წერტილი დროში და მოყვე საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, თუ საიდან დაიწყე.... როცა იზრდები, შემდგომ ხვდები ყველა დეტალისა თუ მოვლენის მნიშვნელობას შენი მეს ჩამოყალიბებაში. ყველაზე მეტად გამოვყოფდი კომაროვის სკოლის პერიოდს, როცა მრავლად იყო: ოლიმპიადები, კონფერენციები, კონკურსები და ჩარჩოებს მიღმა ინოვაციური აზროვნება ყალიბდებოდა. ფაქტობრივად, ჩემი სასტარტო პაკეტი კომაროვმა შექმნა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.თავიდან თეორიული ფიზიკით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ექსპერიმენტები უფრო მიზიდავდა. ბაკალავრიატის ბოლო კურსზე შვეციარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გავიარე პრაქტიკები ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. თბილისში დაბრუნებულმა კი გავიგე, რომ დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. იძულებული გავხდი ლიტერატურული კვლევა ჩამეტარებინა, თუ რასთან გვქონდა საქმე. დედაჩემის იმუნოჰისტოქიმიურ ანალიზებში თვალში საცემი იყო ცილა - HER2. ზოგი ექიმი ამ ცილის დადებითობას გვილოცავდა. მე კი ვერაფერს ვიგებდი გარდა ერთისა - დედაჩემს სიმსივნე ქონდა...
გამიჩნდა კითხვები, თუ რისგან შევდგებოდით, რა მართავდა ჩვენი სიცოცხლის ფორმას? რისგან შედგებოდა სამყარო და ვინ ვიყავით ამ სამყაროში ჩვენ? ამ კითხვებზე საპასუხოდ, ფიზიკა აღარ იყო საკმარისი, დავიწყე ბიოლოგიის, ბიოქიმიის სწავლა. მინდოდა უფრო ფუნდამენტურად გამეგო და შემესწვალა უჯრედები, ცილები, დნმ, მათი მექანიზმები, მუტაციები და ბიოფიზიკის მიმართულებით გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება.
- როგორ გაემგზავრეთ საზღვაგარეთ და ახლა რა პროექტზე მუშაობთ?
- ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ხელმძღვანელმა აშშ-ში პრაქტიკის გავლა შემომთავაზა. იქ სხვადასხვა ბიოფიზიკური მეთოდებით ცილების ურთიერთქმედებას ვსწავლობდი. შემდგომ იყო მაგისტრატურა ტეხასის უნივერსიტეტში, სადაც პირველმა უჯრედებიდან ნეირონული ცილა (CNTNAP2) გამოვყავი და შევისწავლე. სამაგისტრო პროექტზე მუშაობისას კოლაბორაციაში ვიყავით ბერკლის უნივერსიტეტთან, და მათთან ერთადაც სტატია გამოვაქვეყნე. მაგისტრატურის შემდგომ ვმუშაობდი გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტში მექანობიოლოგიის მიმართულებით, პარალელურად ვემზადებოდი დოქტორანტურაზე სწავლის გასაგრძელებლად. მქონდა ინტერვიუები და საბოლოოდ დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჰოლანდია ავარჩიე.პროექტი, რომელზეც ვმუშაობ, ვფიქრობ, რომ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საოცრად დახვეწილ პროცესს - უჯრედების გაყოფის ციკლის (Cell Cycle) შეისწავლის. უჯრედის გაყოფა სხვადასხვა ფაზების კომბინაციაა, რომლის დროსაც ხდება დნმ-ის კონდენსაცია, გაორმაგება და შვილობილ უჯრედებში განაწილება. დნმ კოდირებული გენეტიკური ინფორმაციაა, რომელიც განსაზღვრავს ემბრიოგენეზის, განვითარების, ზრდის მეტაბოლიზმის და რეპროდუქციის პროცესებს. მე ვსწავლობ, თუ როგორ ხდება ჩვენი გენეტიკური ინფორმაციის მომზადება შვილობილ უჯრედებში გადაწერისთვის, რა მექანიზმებით ხორციელდება და რომელი ცილები მონაწილეობენ და მართავენ ამ პროცესებს. ძირითადად ვმუშაობ ერთი მოლეკულის დონეზე, სადაც დნმ-ის მაგნიტურ ველში კონდენსაციას ვაკვირდები, მაგნეტიკური პინცეტებით და ფლუორესცენსული მიკროსკოპით.
- რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ყველაზე დიდ მიღწევად ჩემს ცხოვრებაში მივიჩნევ ქეის დეკერის (2017 წლის ნობელის პრემიაზე წარდგენილ - Dr. Cees Dekker) ლაბორატორიაში მოხვედრას. დღეს ვმუშაობ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ ყველაზე კარგ ლაბორატორიაში, სადაც გასხვავებული მიმართულების კვლევები მიმდინარეობს. გარემო საოცრად ამბიციურია და იდეის განსახორციელებლად ყველა შესაძლებლობას გვთავაზობს. ძირითადი პროექტის გარდა, ვმუშაობ სამეცნიერო სტარტაპზე, რომელიც ალკოჰოლური სასმელების გამოხდის ახალ მეთოდს გვთავაზობს.- მეცნიერების პარალელურად, რითი ხართ დაინტერესებული? რა არის თქვენი ჰობი?
- ჩემს ცხოვრებაში ძირითად ინტერესად და ჰობად მეცნიერებას დავასახელებდი. ექსპერიმენტების თეორიული დიზაინი, შემდგომ ლაბორატორიაში რეალიზება, აწყობა, პრობლემების გადაჭრა, გაზომვები, მონაცემთა შეგროვება და დამუშავება, ბოლოს კი შედეგების ინტერპრეტაცია. რაღაცით უჯრედულ ციკლს ჰგავს, თუ რომელიმე ფაზა დაირღვევა, შედეგიც შესაბამისი იქნება - არასწორი. ჩემთვის ამ პროცესში ყველაზე მეტად მიმზიდველი იმ კორპუსკულარული პროცესების შესწავლაა, რომლებისგანაც ჩვენ თვითონ შევდგებით და ვარსებობთ.მეცნიერების შემდგომ ყველაზე მეტად გამოვყოფდი მოტოს. მოტოს ტარება რაღაცით შინაგანი მეს გარეთ გამოთავისუფლებას ჰგავს. თითქოს ადგილებს ცვლით და ეს ის მომენტია, როცა სრულებით მიყვები შენს შინაგან ხმას, ფიქრებს, სურვილებს. რაღაცით რეალობის და პარარელური სამყაროების გადაკვეთის წერტილი ხდები და სინათლის სიჩქარით იწყებ მოძრაობას. თავისებური რიტუალია, იცვამ ქურთუკს, იკრავ ჩაფხუტს, ხელთათმანებს, პირველი ჩამოქაჩვა გაზის, მოტოს ფეხებით გაგორება, გონებაში რამდენიმე ათეული კილომეტრი გავლებული გაქვს, სრული გაზი და გრძნობ შენს უჯრედებში როგორ კონდენსირდება დნმ.
მერე მოდის ფრენა... ფიზიკური თუ გონებრივი თავისუფლება, თავისუფლება რომელსაც სამყაროში სხვა ვერაფერი ჩაგინაცვლებს. მრავალ განზომილებიანი კონცენტრაციის უნარი, ტრასაზე, როგორც ჭადრაკის თამაშში, წინასწარ თვლი სხვების სვლებს... ეს არის მომენტი როცა ხვდები, რომ სამყარო შენი ნაწილია... სოლო მოგზაურობები მოტოთი, საოცრად კარგი განტვირთვის, განმუხტვის და ახალი იდეების წყაროა. მომავალ ზაფხულს ჰოლანდიიდან მაროკომდე ჩასვლას ვგეგმავ.
ბოლო წლებია, ხატვა დავიწყე. ვცდილობ ფერებში გადმოვცე ჩემი აზრები, ემოციები და ის სურათი, რაც წარმოსახვაში მაქვს. ჩემთვის ნებისმიერი საკითხი/მოვლენა გასაგებია მხოლოდ მაშინ, როცა ამ საკითხისა თუ მოვლენის წარმოდგენა შემიძლია. ჩემი კვლევების დანახვაში ხატვა ძალიან დამეხმარა. იხილეთ გაგრძელება