სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლას ვაუჩერით და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსებით. შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია სკოლებში ფულის შეგროვება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს. უწყება ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში მშობლებისთვის ჟალუზების შესაძენად თანხის შეგროვების დავალებას გამოეხმაურა.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ შემთხვევით შესაბამისი სამსახური დაინტერესდება.
„სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლას ვაუჩერით და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსებით. შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია სკოლებში ფულის შეგროვება. აქედან გამომდინარე, მშობლებისგან ფულის აგროვების ნებისმიერი მცდელობით შიდა აუდიტის დეპარტამენტი დაინტერესდება და მოკვლევის შედეგად შესაბამისი რეაგირება ექნება“, - განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ჟალუზების შესაძენად თანხის აგროვების საკითხზე ყველა კლასში მშობელთა კრება ჩატარდა.
„ჩატარდა მშობელთა კრება და გვითხრეს, რომ ჟალუზების ფული უნდა ავაგროვოთ. ზოგს 12-12 ლარი დააბარეს, ზოგიერთ კლასში კი თანხა 8 ან 10 ლარს შეადგენს. სკოლა გაარემონტეს და ჟალუზების შესაძენი თანხა როგორ ვერ იშოვეს? სკოლაში 15 სექტემბერს განათლების მინისტრიც იმყოფებოდა და ახლად გარემონტებული სკოლა დაათვალიერა“, - განაცხადა მშობელმა.
როგორც მან აღნიშნა, მშობელთა კრება „მხოლოდ ამ საკითხს მიეძღვნა“.