ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 58 616 საქმიანობაა რეგისტრირებული

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 58 616 საქმიანობაა რეგისტრირებული. ამის შესახებ, ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.

ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას რეესტრი 2016 წლის სექტემბრიდან ახორციელებს.

„ყველა ის პირი, რომლის საქმიანობაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან ან საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასა თუ შრომით მოწყობაში დახმარებასთანაა დაკავშირებული, ვალდებულია, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდეს. დანარჩენ შემთხვევაში - რეგისტრაცია ნებაყოფლობითია,“-ნათქვამია რეესტრის ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მომსახურების მიღება იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.