ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო, სადაც მოსახლეობამ ხმა ქურთისტანის დამოუკიდებლობას მისცა, ნავთობის ფასი თითქმის ბოლო ორი წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა.
დილის სავაჭრო სესიაზე "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 60 ცენტით, 58.50 დოლარამდე გაიზარდა. ორშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, როდესაც თურქეთი ქურთისტანს დაემუქრა, რომ მის ნავთობსადენებს დახურავდა, შავი ოქროს ფასმა მყისიერად 59.49 დოლარს მიაღწია. ამერიკული მსუბუქი ნედლი ნავთობის ფასიც 60 ცენტით, ბარელზე 52.74 დოლარამდე გაიზარდა.
ქურთისტანიდან და ჩრდილოეთ ერაყის რეგიონიდან, ყოველდღიურად ექსპორტზე 500-550 ათასი ბარელი ნავთობი გადის. ასეთი არხის გადაკეტვის შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირე ხნით დეფიციტი წარმოიქმნას, რაც ნავთობის ფასს სწრაფად გაზრდის.
ერაყის ქურთისტანმა ჩატარებულ რეფერენდუმზე, დიდი უმრავლესობით, რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ამას მოჰყვა მეზობელი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოსვლა, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ სამხედრო ძალასაც კი გამოიყენებს იმისათვის, რომ დამოუკიდებელი ქურთისტანის არსებობა არ დაუშვას და ამ შემთხვევაში, ნავთობსადენსაც გადაკეტავს.