პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი საკლასო ოთახების რემონტისთვის ფულის მოსწავლეთა მშობლების მიერ შეგროვებას კატეგორიულად უარყოფს

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე საკლასო ოთახების რემონტისთვის მოსწავლეთა მშობლების მიერ ფულის შეგროვებას კატეგორიულად უარყოფს.როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბარაბაძემ განუცხადა, სკოლაში მსგავსი ფაქტი კანონმდებლობით არის აკრძალული.

”გამორიცხულია მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულიყო, რადგან ყველა მასწავლებელს კატეგორიულად ეკრძალება ნებისმიერი თანხის შეგროვება ნებისმიერი საჭიროებისთვის. სკოლას აქვს ყველანაირი საშუალება, რომ თუ მშობელს რაიმე სჭირდება, მან გააკეთოს განაცხადი სკოლის ადმინისტრაციაში, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ნებისმიერი თანხის შეგროვება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან არის აკრძალული და თუკი ვინმემ თვითნებურად ასეთი რამ გააკეთა, აუცილებლად დაისჯება. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ მასწავლებლებთან, ისინი ამას კატეგორიულად უარყოფენ”, - განაცხადა ბარაბაძემ.

მისივე თქმით, სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის მშობლის ინფორმაციით, მოსწავლეებს ფულის შეგროვება საკლასო ოთახების რემონტისთვისაც უწევთ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კლასის დამრიგებელმა მათ ჯამში 250 ლარის მიტანა მოსთხოვა.