საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა

ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე -7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.

„2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 159 ქვეყანას შორის 4 კომპონენტში პირველ ადგილს იკავებს. ეს კომპონენტებია - ზღვრული საგადასახადო განაკვეთი, უძრავი ქონების გაყიდვებზე საკანონმდებლო შეზღუდვები, უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება, შავ ბაზარზე გაცვლითი კურსები. საქართველო პირველ პოზიციას იკავებს ასევე 5 ქვეკომპონენტში, ესენია - ზღვრული საშემოსავლო გადასახადი, ზღვრული მოგების გადასახადი, ბანკების საკუთრების სტატუსი, საპროცენტო განაკვეთის კონტროლი და ლიცენზირება“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - ესტონეთი (მე-10 ადგილი), აშშ (მე-11 ადგილი), ლიტვა (მე-13 ადგილი), დანია (მე-15 ადგილი), ლატვია (მე-17 ადგილი), გერმანია (23-ე ადგილი), შვედეთი (27-ე ადგილი), სომხეთი (29-ე ადგილი), იაპონია (39-ე ადგილი), პოლონეთი (51-ე ადგილი), ხორვატია (72-ე ადგილი), თურქეთი (81-ე ადგილი), სერბეთი (88-ე ადგილი), რუსეთი (მე-100 ადგილი), აზერბაიჯანი (114-ე ადგილი), უკრაინა (149-ე ადგილი).

„რაც შეეხება კონკრეტულ ინდიკატორებს, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 5-დან გაუმჯობესდა ისეთ მნიშვნელოვან 3 ინდიკატორში, როგორიცაა მთავრობის ზომა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება (გაუმჯობესება 2 პოზიციით) და რეგულაციები (გაუმჯობესება 2 პოზიციით)“, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ კომპონენტებს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 23 კომპონენტიდან 10 კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ, მთავრობის დანახარჯი (გაუმჯობესება 5 პოზიციით); სახელმწიფო საწარმოები და ინვესტიციები (გაუმჯობესება 5 პოზიციით); საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 17 პოზიციით); სამხედრო ჩარევა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკის წარმართვაში (გაუმჯობესება 1 პოზიციით); კონტრაქტების აღსრულება (გაუმჯობესება 1 პოზიციით); ინფლაციის სტანდარტული გადახრა (გაუმჯობესება 3 პოზიციით); ტარიფები (გაუმჯობესება 1 პოზიციით); მარეგულირებელი ბარიერები ვაჭრობაში (გაუმჯობესება 24 პოზიციით); საკრედიტო ბაზრის რეგულირება (გაუმჯობესება 10 პოზიციით); ბიზნეს რეგულირება (გაუმჯობესება 5 პოზიციით).

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 5 კომპონენტში უცვლელი დარჩა ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2 კომპონენტში ქვეყნის სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა.