თბილისის საკრებულოს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟის დატოვების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა, თუმცა მას დაცვის თანამშრომლებმა დარბაზიც დაატოვებინეს.
როგორც ხოშტარიამ განაცხადა, ქალაქში აღარ იქნება მონობა და ისინი მიწების უკანონოდ გასხვისებას არ დაუშვებენ.
„ჩვენ პრინციპული დამოკიდებულება გვაქვს ამ საკითხზე. ეს ადამიანები მუდმივად ხელს აწერენ ყველაფერზე, რაც ამდიდრებს ბიძინა ივანიშვილს. კითხვები დავსვი, რატომ აძლევენ მიწას. პასუხი იყო სუს-ის მოყვანა და პროვოკაციის მოწყობა. ჩვენ არ დავუშვით ჩხუბი და გამოვედით“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ამ დროისთვის სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელია გაყვანილი.
საკრებულოს სხდომათა დარბაზის შესასვლელს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.