2017 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 276.2 მლნ აშშ დოლარი (668.1 მლნ ლარი, მეორე კვარტალის მშპ-ს 7.4 პროცენტი) შეადგინა.
ეროვნული ბანკი საქართველოს საგადასახდელო ბალანსის (2017 წელი, მეორე კვარტალი) შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც სებ-ში განმარტავენ, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 წლის მეორე კვარტალში წლიურად 12.7 პროცენტით შემცირდა და 858.3 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 25.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3.4 პროცენტით გაიზარდა.
სებ-ის ცნობით, მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის მეორე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 20.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4.5 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 27.8 პროცენტით გაიზარდა და 658.7 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა.
როგორც სებ-ში განმარტავენ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 4.0 პროცენტით გაიზარდა და 2017 წლის მეორე კვარტალში 347.2 მლნ აშშ დოლარი (839.9 მლნ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, სამთავრობო სექტორის ტრანსფერები შემცირდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე კვარტალში 289.3 მლნ აშშ დოლარი (699.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 7.7 პროცენტია. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.