პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
საკითხი სხდომაზე 28 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს. ორივე საკითხი ერთად იყო წარდგენილი. კერძოდ, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად და თაბორის მთაზე 5 000 კვ. მეტრ ფართობზე საირიგაციო სისტემის მშენებლობისთვის ლანდშაფტური ზონის ცვლილება განხორციელდა.
სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საკითხი სათანადოდ მომზადებული არ არის, პარკინგის მშენებლობისთვის პროექტს თან არ ახლავს გეოლოგიური და სატრანაპორტო სქემის შესახებ დასკვნები.
თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძემ კი განაცხადა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთებისათვის ზონის ცვლილებას დასაბუთება თან ახლავს. მისივე განცხადებით, კომისიების გაფართხოებულ სხდომაზე წარმოდგენილი იყო, თუ სად მოხდება თაბორის მთაზე საირიგაციო შენობის მშენებლობა.
დღეს ამ საკითხების განხილვას საკრებულოს სხდომაზე დიდი დაპირისპირება მოყვა. თბილისის საკრებულოს ლოჟაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები საკითხის განხილვის დაწყებას საათნახევარი აპროტესტებდნენ, რა დროის განმავლობაშიც საკრებულოში სხდომის მიმდინარეობა შეჩერებული იყო.