მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების საქველმოქმედო მატჩიდან ბორჯომის ტყის აღსადგენად 300 343 ლარი შეგროვდა. ამის შესახებ, თამაშის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება ასევე, 2 სექტემბერს საქართველო-ირლანდიის ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხაც. ჯამში, ორივე მატჩიდან შემოსულმა თანხამ 403 214 ლარი შეადგინა. აღიშნული თანხა მთლიანად ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყე-პარკის აღდგენას მოხმარდება.
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის საქველმოქმედო მატჩი "მსოფლიო XI -ის" სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა.
შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და მასში მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელებთან ერთად ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.
მატჩში გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: GFF XI - ალექსანდრე იაშვილი, კაფუ, კევინ კურანი, გიორგი დემეტრაძე და ანდრეი შევჩენკო; "მსოფლიო XI": ლუკა ტონი (დუბლი), მიჩელ სალგადო, რივალდო, ფრანჩესკო ტოტი და მარკო დელვეკიო.