ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი მაკროეკონომიკური დახმარების ფარგლებში საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოეყოფა. ამის შესახებ ევროკომისის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული ინიციატივა ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ თანხით საქართველოს შეეძლება საკუთარი საგარეო ფინანსური საჭიროებები დაფაროს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ეკონომიკური რეფორმების გატარებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მისი მაკროეკონომიკური პერსპექტივები კვლავ დაუცველი რჩება. საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენას სხვადასხვა რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები ახდენს, მისი საერთაშორისო რეზერვები კი ჯერჯერობით არ არის ადეკვატური, რისი ერთ-ერთი მიზეზი არის ქვეყნის საგარეო ვალიც. ამის საფუძველზე ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოს დამატებითი მაკროეკონომიკური დახმარება შევთავაზოთ“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში ევროპის კომისარის პიერ მოსკოვიჩის თქმით, ეს შეთავაზება არის ევროკავშირის საქართველოსადმი მტკიცე დახმარების კიდევ ერთი მაგალითი.
„იმის ფონზე, რომ საქართველო ეკონომიკური რეფორმების გატარებას აგრძელებს, ჩვენ ვეხმარებით მათ შეინარჩუნონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეფორმების პროცესი გააგრძელონ, რაც უფრო აქტიური და ინკლუზიური ზრდისთვის არის აუცილებელი“, - აცხადებს მოსკოვიჩი.
აღნიშნული მაკროეკონომიკური დახმარება იმ პროგრამის ნაწილი იქნება, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მიმართულებით 2017 წლის 12 აპრილს დაამტკიცა. 45 მილიონი ევროდან 10 მილიონი ევრო გრანტების სახით, ხოლო 35 მილიონი ევრო - საშუალოვადიანი სესხების სახით გაიცემა.