ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას მტკიცებით, ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასე უპასუხა გახარიამ კითხვას იმის შესახებ, მიღებულია თუ არა გადაწყვეტილება ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით და შესაძლოა თუ არა ვივარაუდოთ, რომ მომავალი პრეზიდენტი სწორედ იქ გადავიდეს.
"გადაწყვეტილი არაფერი არ არის. გირჩევთ, რომ ვარაუდებს თავი დავანებოთ. მითუმეტეს, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ყველანი არიან იქ, სადაც არიან და რა იქნება არჩევნების შემდეგ, ამას დრო აჩვენებს", - განაცხადა გახარიამ.
ათონელის რეზიდენციის მშენებლობა ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს პრემიერის ადმინისტრაციისთვის დაიწყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული შენობა პრეზიდენტის მომავალ რეზიდენციად გამოაცხადა, თუმცა გიორგი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში არ გადავიდა, რამაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის უთანხმოება გამოიწვია. მოგვიანებით ათონელის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მოხვდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისით პოტენციური მყიდველები არ დაინტერესდნენ, შენობა ნუსხიდან მალევე ამოიღეს. აღნიშნულის მიზეზად ქონების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ შენობა სპეციფიკური სახისაა და დაპროექტებულია, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია. ამასთან, სხვადასხვა დროს საუბარი იყო ათონელის რეზიდენციაში ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების განთავსებაზე, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროც სახელდებოდა, თუმცა შენობაში ამ დრომდე არც ერთი უწყება არ გადასულა.