მარტში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა

შარშან საქართველოს 5,3 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის მარტში საქართველოს ვიზიტორთა რაოდენობა 8%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ამასთან, 1 მილიონი ვიზიტორიდან ტურისტების პირობითი წილია - 374 ათასი (ვიზიტი), რაც საერთო რაოდენობის 37 %-ს შეესაბამება. ამ მხრივ მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10%-ია.

2014 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან განხორციელდა.

ამავე წყაროს ცნობით, პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტშიც კვლავ პოლონეთი, ნიდერლანდები, ლიტვა და იტალია ლიდერობენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსის და მოლდოვის მოქალაქეები 40% და 27%-იანი მატებით, შუა აზიის ქვეყნებიდან კი -ყაზახეთი (25%).