"არ არსებობს ზუსტად გაწერილი კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით და რატომ იქმნება ქვეყანაში სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები; რატომ არ ჰყოფნის ისედაც გაზრდილ ბიუროკრატიას არსებული რესურსი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად"
მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ საჯარო სამსახურებში გაბერილი კადრებისა და ხელფას-პრემია-დანამატების ოპტიმიზაციას მოახდენდა, სახელმწიფო სამსახურები კვლავ რჩება ერთგვარ თავშესაფრად პარტიული ნიშნით დასაქმებისთვის, ხოლო ბიუჯეტი - იოლი ფულის შოვნის წყაროდ. ამას ადასტურებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბოლო კვლევაც, სადაც ნათქვამია, რომ ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ) დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი 2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
კვლევის მიხედვით, 2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წლისთვის კი ეს მონაცემი გაიზარდა - ამჟამად 74 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში დაახლოებით 12 632 კაცი მუშაობს. 1077 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობდა 2012 წელს 38 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში, ხოლო 2017 წელს მათმა რაოდენობამ 67 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 7193 შეადგინა.
ხელფასის სახით 2012 წელს 45 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის საშტატო თანამშრომლებმა თითქმის 77 მილიონი ლარი აიღეს, 2016 წელს კი 72 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ისთვის თანხამ უკვე 165 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, 2012 წელს 39 სსიპ/ა(ა)იპ-ში მათ ხელფასის სახით 29,5 მლნ ლარი აიღეს, ხოლო 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 62 სსიპ/ა(ა)იპ-ში თითქმის 51 მლნ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" და "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონები, ასევე არ ვრცელდება არც მათი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება, ეს კი ზრდის ინტერესთა შეუთავსებლობის, ნეპოტიზმისა და კორუფციის რისკებს. ასეთ პირობებში კვლავ პრობლემად რჩება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხი. მეტიც, კვლევაში ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მთავრობის ადმინისტრაციას საქართველოს აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაქვემდებარებულ სსიპ/ა(ა)იპ-ების საერთო რაოდენობისა და საქმიანობის სფეროების შესახებ არა აქვთ ერთიანი სახით ინფორმაცია. არასათანადო კონტროლის გამო ასეთი უწყებები მმართველმა პარტიამ შესაძლოა გამოიყენოს, მაგალითად, პარტიული აქტივისტების დასაქმებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის სარფიან წყაროდ. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რადგან დასაქმება ასეთ უწყებებში ადვილია სხვა საჯარო სამსახურებთან შედარებით, ამიტომ მაღალია ნეპოტიზმისა და პოლიტიკური ფავორიტიზმის ალბათობაც. ეს კი მით უმეტეს საყურადღებოა მაშინ, როცა ბოლო წლებში იზრდება როგორც აქ დასაქმებული პირების რაოდენობა, ასევე მათზე გაცემული ხელფასები, სამივლინებო და სხვა, მათ შორის საწვავის ხარჯები.
სხვათა შორის, მიმდინარე წელს რომ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ების დაფინანსება მთელი 37%-ით იზრდებოდა, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს წერდა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დიდი ხმაური მოჰყვა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსებისთვის 946 მილიონი ლარის განსაზღვრას. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში 226 სსიპ-ი და 67 ა(ა)იპ-ი იყო შესული. ამ პირობებშიც კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაშინ აღმოაჩინა, რომ ბიუჯეტის თანდართულ დოკუმენტში, რომელშიც სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შესახებ იყო ცნობები, ინფორმაცია არასრული იყო. შემდეგ აუდიტის სამსახურმა თავად აღმოაჩინა 7 სსიპ/ა(ა)იპ, რომლებიც ბიუჯეტის პროექტში არ იყო შესული, თუმცა, ბიუჯეტიდან მათი დაფინანსება განსაზღვრული იყო. მოკლედ, უკვე არაერთი კვლევა და ფაქტი ცხადყოფს, რომ მსგავსი საბიუჯეტო ორგანიზაციები პოლიტკორუფციულ ოფშორად იქცა და როგორც ჩანს, ამით ყველა ხელისუფლება კარგად ხეირობს.
ლაშა სანაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი:
"ჩვენი კვლევის მიზანი დანაშაულის გამოვლენა არ ყოფილა. ჩვენ შევაფასეთ ზოგადი ტენდენციები, ზოგადი რისკები და რეკომენდაციები დავდეთ. სამწუხაროდ, სრული სურათი ვერ დავდეთ იმიტომ, რომ ზოგიერთმა საჯარო უწყებამ არ ითანამშრომლა ჩვენთან და არ მოგვაწოდა ინფორმაცია მათ მიერ შექმნილი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შესახებ. თუმცა, იმ მონაცემების მიხედვით, რაც გვაქვს, რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა. მათ შორის ის, რომ არ არსებობს ზუსტად გაწერილი კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით და რატომ იქმნება ქვეყანაში სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები; რატომ არ ჰყოფნის ისედაც გაზრდილ ბიუროკრატიას არსებული რესურსი შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.მეტიც, ა(ა)იპ-ებზე არანაირი შემზღუდველი კანონმდებლობა არ ვრცელდება, იქნება ეს კორუფციის პრევენციის, ინტერესთა შეუთავსებლობის თუ ნეპოტიზმის პრევენციის თვალსაზრისით. არადა, ეს ორგანიზაციები ხომ მაინც სახელმწიფოს დაარსებული არაკომერციული იურიდიული პირები არიან.
შესაძლოა, მათი დაფინანსების წყაროს პირდაპირ ბიუჯეტი არ წარმოადგენდეს და შუამავალი რგოლი ადგილობრივი თვითმმართველობა ან სამინისტრო იყოს, მაგრამ ისინი მაინც საბიუჯეტო ორგანიზაციები არიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარი საქმიანობიდანაც აქვთ შემოსავალი. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ კორუფციისა და ნეპოტიზმის პრევენციის მიზნით მათზეც გავრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა. ყველაზე ცოტა, ეს იმის შესაძლებლობას მაინც მოგვცემს, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ, თუ რა ხდება სახელმწიფოს დაფუძნებულ ამ უწყებებში, როგორ ასაქმებენ იქ ადამიანებს და სხვ. სამწუხაროდ, ჩვენმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა, როცა პოლიტიკოსები და განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პირები ხშირად და სარფიანად იყენებენ იმ შავ ხვრელებს, რომლებიც ასეთი ორგანიზაციებისა და კანონმდებლობის სახით არსებობს. როცა არ არსებობს სახელმწიფოს ხედვა და პოლიტიკა, თუ რა მიმართულებით სჭირდება მას დამატებითი ორგანიზაციების შექმნა, ბუნებრივია, შესაძლებელია არსებობდეს ბუტაფორიული უწყებები, ხდებოდეს უფლებამოსილებების გადაფარვა, დუბლირება, ზოგიერთი სსიპ-ი ან ა(ა)იპ-ი კი საერთოდ არ იყოს საჭირო. სახელმწიფო დონეზე უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც შეაფასებს ამ თვალსაზრისით არსებულ ზოგად სურათს და დაადგენს, რომელ სექტორში, სად არის საჭირო ასეთი უწყებების არსებობა და სად არა".
დავით მათიკაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: "ჩვენ გვაქვს წინა ხელისუფლების პერიოდის სამწუხარო გამოცდილება, როცა არადანიშნულებისამებრ იყენებდნენ ასეთ ორგანიზაციებს. მთავარი ასეთი ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა ან შემცირება კი არ არის, მთავარია მათი არსებობის საჭიროება, რომლის შესაბამისი უნდა იყოს მათი რაოდენობაც. ვერ გეტყვით, დღეს ამ ორგანიზაციების რიცხვი საჭიროებს ზრდას, შემცირებას თუ ის მორგებულია არსებულ საჭიროებებს. ერთ რამეში შემიძლია დავეთანხმო საზოგადოებას, რომ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე უნდა იყოს მაქსიმალური კონტროლი და ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა უწყების არსებობის, საქმიანობის მიზნების დასაბუთება უნდა იყოს მაღალი სტანდარტის. უწყება, რომელიც იტყვის, რამდენად საჭიროა ასეთი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, არის მთავრობა, კონკრეტული თვითმმართველობა, მათი უშუალო ხელმძღვანელი უწყებები. ამ ორგანიზაციების საჭიროების, მათი ხარჯების კონტროლისთვის საგანგებოდ რაღაც ექსპერტიზის ბიუროს შექმნა, რომელიც მათზე დასკვნებს დადებს, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად".
ლადო პაპავა, პროფესორი: "საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო მართვის ორგანოებთან ასეთი ორგანიზაციების მომრავლება არის ძალიან ცუდი. გამოდის, სახელმწიფო მართვის ორგანოებს, უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოებს, სამინისტროებს თავიანთი ფუნქციები გადააქვთ ნაკლებად გამჭვირვალე და პოლიტიკურად ნაკლები პასუხისმგებლობის მქონე სტრუქტურებზე. ამის გაკეთება კი არ შეიძლება. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა იღებდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და მათ ახორციელებდეს, ეს ყველაფერი დელეგირებული აქვთ სსიპ-ებისთვის, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არა აქვთ, რაც არის მცდარი მოდელი.
ეს მოდელი ქვეყანაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დანერგა. არ ვამბობ, რომ ასეთი უწყებები არ უნდა არსებობდეს, უნდა იყოს, მაგრამ უნდა იქმნებოდეს მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებისთვის.
მაგალითად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შესაძლოა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ როცა განათლების ხარისხის სამსახური არის სსიპ-ი, ეს ჩემთვის გაუგებარია. ეს ნიშნავს, რომ სამინისტრომ მოიცილა თავიდან რიგი ფუნქციები. მივესალმები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ამ კვლევას, მაგრამ ამავე დროს მინდა გამოვთქვა ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება. რატომღაც ვერ ვიხსენებ, ეს ორგანიზაცია ასეთი კრიტიკული ყოფილიყო, როცა იმავეს აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა". პრინციპულობა და ობიექტურობა საჭიროა ნებისმიერ ვითარებაში.
თუმცა, ეს მხოლოდ პრობლემის ერთი მხარეა, როცა სახელმწიფო მმართველობითი ფუნქციებისა და შესაბამისად, პასუხისმგებლობის გადაბარება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის. მინისტრი შეიძლება დაიბარო და კონკრეტულ საკითხზე პასუხი მოსთხოვო, მაგრამ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს ვერ დაიბარებ და ვერც პასუხს მოსთხოვ, მინისტრი კი მოიხსნის პასუხისმგებლობას და გეტყვის, რომ ეს მისი საქმე არ არის. მეორე მანკიერი მხარე ამ უწყებებისა არის ის, რომ ასეთ ორგანიზაციებს იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის, ადამიანების დასაქმებისთვის. გახსოვთ, ალბათ, როცა 2008 წელს მეექვსე მოწვევის პარლამენტმა თავისი უფლებამოსილება ამოწურა (მეც ამ მოწვევის დეპუტატი ვიყავი) და "ნაციონალური მოძრაობა" ახალ პარტიულ სიებს ადგენდა, იქ ვერ მოხვდა ბევრი იმდროინდელი დეპუტატი, მაგრამ მათ მისცეს დასაქმების პირობა და შემდეგ სხვადასხვა სსიპ-ში გადაანაწილეს. მაშინ განსაკუთრებით დაიტვირთა ამ ადამიანებით თბილისის მერიასთან არსებული სსიპ-ები. ეს სქემა "ნაცების" მოგონილია, რომელიც კიდევ უფრო განავითარა და განავრცო "ქართულმა ოცნებამ".
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"