ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარი იხურება

ქართველ ავტოდილერებს მორიგი ”სიურპრიზი” ელით. უახლოეს მომავალში საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს.

მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ იქაურ იმპორტიორებს საქართველოში ნაყიდი ავტომანქანები გაუძვირდებათ და თანაც, როგორც სომხეთის ავტოიმპორტიორთა კაშვირის თავმჯდომარე, ტიგრან ოვანესიანი აცხადებს, თითქმის ოთხჯერ. საქართველოს შემთხვევაში კი შემცირდება რეექსპორტი, რაც ქართველ ავტოდილერებს სერიოზულ ფინანსურ პრობლემას შეუქმნის.

”საბაჟო კავშირში ამა თუ იმ ქვეყნების შესვლით, ცალსახად მდიდრდება რუსეთის წარმოება. ახალი რეგულაციებით, რუსეთი საკუთარ ავტომობილებს გაასაღებს, რომლებსაც ყაზახეთისა და ბელორუსის ანალოგიურად, განბაჟება უკვე აღარც სომხეთში დასჭირდება” - განაცხადა ექსპერტმა საავტომობილო საკითხებში, დავით მესხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საბაჟო კავშირი 2011 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის ამ კავშირში ბელორუსი, ყაზახეთი და რუსეთი არიან გაწევრიანებული. უახლოეს დღეებში კი მათ სომხეთიც შეუერთდება. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით კი, უკვე 2015 წლისთვის საბაჟო კავშირი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირად ჩამოყალიბდება, რომელიც ევროკავშირის მოდელზე იქნება მოწყობილი.

ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანება ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოებისთვის ერთიან საბაჟო სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ტვირთბრუნვა არ იბეგრება საბაჟო გადასახადებით და არ გამოიყენება ეკონომიკური ტიპის შეზღუდვები. ამასთან, საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ ერთობლივ ტარიფს, რეგულირების და სხვა ერთობლივ ზომებს მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს. საბაჟო კავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთისთვის ფაქტობრივად, გაუქმებული აქვთ სავიზო რეჟიმი.

კავშირის დაარსებით რუსეთმა ბელორუსისა და ყაზახეთის სახით მოიპოვა 25 მილიონი პოტენციური ახალი მომხმარებელი, ხოლო ამ ქვეყნებისთვის გამარტივდა წვდომა 140-მილიონიან რუსულ ბაზარზე.

თავდაპირველად საბაჟო კავშირში რუსეთი და ბელორუსი იყვნენ. ყაზახეთი კი იქ 2011 წლის ივლისიდან გაწევრიანდა. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან შევიდა ძალაში იქ ერთიანი საბაჟო ტარიფი, რის შედეგადაც უცხოური (ევროპული, იაპონური, ამერიკული და ა.შ.) ავტომანქანის განბაჟება, მანამდე არსებულ ტარიფთან შედარებით, თითქმის 700%-ით გაძვირდა. თუ საბაჟო კავშირში გაწევრიანებამდე ყაზახეთში ავტომანქანის იპორტიორი ძრავის 1 კბ/სმ-ზე 0,35-დან 0,6 ევრომდე იხდიდა, ახლა მანქანის ხანდაზმულობის შესაბამისად, ეს თანხა 1 კბ/სმ-ზე 4-დან 5,8 ევრომდე ღირს.

ამასთან, 5 წელზე მეტი ხანდაზმულობის ავტომობილის განბაჟებისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 1800-3000 კბ/სმ-მდეა, განმბაჟებელს 1 კბ/სმ-ზე 4 ევროს გადახდა უწევს, 3000 კბ/სმ-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მანქანის მყიდველს კი 5,8 ევროსი. შესაბამისად, აღნიშნული ტარიფების დადგენის შემდეგ, ყაზახმა ავტოდილერებმა საქართველოდან ავტომანქანების შეყვანაზე უარი თქვეს, შედეგად კი ქართულმა ავტობიზნესმა სერიოზული ფინანსური დარტყმა იგემა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებამდე საქართველოდან ავტომანქანების დიდი ნაწილის რეექსპორტი სწორედ ამ ქვეყანაში ხდებოდა. საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ კი, ყაზახეთმა ნომერ პირველი რეექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა. დღეს კი, როგორც ქართველი ავტოდილერები ამბობენ, იქ მანქანების საქართველოდან შეყვანა, პრაქტიკულად, აღარც ხდება.

უახლოეს მომავალში კი საქართველოდან ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, სომხეთშიც შეწყდეს. ამის მიზეზი უკვე სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანება იქნება. როგორც ცნობილია, ოფიციალური ერევანი საბაჟო კავშირის წევრობის შესახებ შეთანხმებას ხელს 29 აპრილს მოაწერს. ამის შესახებ რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვაგრამ ავანესიანმა განაცხადა.

2014 წლის 29 აპრილს მინსკში ევრაზიის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერა იმ პირობებში, როდესაც სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების პირობები ჯერ არაა განსაზღვრული, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ეს ნორმალური პრაქტიკაა და ”ნებისმიერ მოლაპარაკებებში არის მოლაპარაკების დასრულების დღე და ხელმოწერის დღე”.

სომხეთი საბაჟო კავშირში შესვლისა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების სურვილს 2013 წლის სექტემბრიდან გამოთქვამს. ”საგზაო რუკა” კი 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, მოსკოვში გაფორმდა. ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას ერევანში 900 პროდუქციის წინასწარი სია წარუდგინა, რომელთა მიმართაც შეღავათიანი საბაჟო გადასახადები გავრცელდება.

სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ, ავტოიმპორტიორებს საქართვლეოში ნაყიდი ავტომანქანების განბაჟება ოთხჯერ გაუძვირდებათ. როგორც სომხეთის ავტომობილების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ტიგრან ოვანესიანი ამბობს, ამის მიზეზი საბაჟო კავშირის მიერ მესამე ქვეყნებისთვის დაწესებული მაღალი მოსაკრებელია.

”ჩვენ გავეცანით ავტომანქანების იმპორტზე გადასახადებს: რუსეთში 1 კბ/სმ ძრავის განბაჟება 5-6 ევრო ჯდება. აქედან გამომდინარე, ბაჟის მოცულობამ ავტომანქანაზე, რომელსაც შედარებით ძლიერი ძრავა აქვს (1800 კბ/სმ) შეიძლება, 9 ათას ევროს მიაღწიოს, რაც 4-5-ჯერ მეტია დღეს არსებულ მოსაკრებლებთან შედარებით”,- აღნიშნა ოვანესიანმა.

მისი თქმით, ეს თანხა მკვეთრად განსხვავდება დღეს საქართველოში ნაყიდი მანქანების ფასებისგან, რომელთა საშუალო ღირებულება 4-5 ათას დოლარს აღწევს. ახალი რეგულაციების შედეგად კი ავტომობილები 15 ათას დოლარამდე გაძვირდება.

სომხეთის ავტოიმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ქვეყანამ გარდამავალი პერიოდისთვის საშეღავათო რეჟიმი უნდა მიიღოს, რათა იმპორტიორებმა ახალ პირობებთან ადაპტირება შეძლონ.

”რუსეთში აღნიშნული მოსაკრებელი ძალაში 2014 წელს შევიდა, თუმცა დადგენილება 2006 წელს მიიღეს, შესაბამისად, 8-წლიანი გარდამავალი პერიოდი ჰქონდათ. ჩვენთან კი შეიძლება ყველაფერი რამდენიმე თვეში გადაწყდეს. საბაჟო კავშირში შესვლა გადაწყვიტეს, პარლამენტი შეთანხმების რატიფიცირებას დაჩქარებული წესით განახორციელებს, ჩვენ კი პრობლემის წინაშე დავდგებით”, - აღნიშნა ოვანესიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სოციალურ პრობლემას გააღრმავებს, რადგან ქვეყანაში ავტომანქანების ინდივიდუალური ვაჭრობით 5-10 ათასამდე ადამიანია დაკავებული.

სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებით პრობლემები ქართველ ავტოდილერებსაც შეექმნებათ. როგორც ექსპერტი სატრანსპორტო საიკთხებში დავით მესხიშვილი ამბობს, ამას არ მოჰყვება კატასტროფული შედეგები, მაგრამ ურთულეს ვითარებაში აღმოვჩნდებით, რადგან მხოლოდ აზერბაიჯანი დაგვრჩება და ისიც შეზღუდული რაოდენობით.

მესხიშვილის თქმით, წლების განმავლობაში, რეექსპორტის თვალსაზრისით, პირველ ადგილზე იდგა ყაზახეთი. ორიოდე წლის წინ ყაზახეთმა, ბელორუსმა და რუსეთმა ერთობლივი კავშირი შექმნეს, რა დროსაც იქ ახალი ”რუსული რეგულაცია” ამოქმედდა და დაბეგვრის სისტემაც შეიცვალა. შესაბამისად, მას შემდეგ საქართველოდან იქ ავტომობილების ექსპორტი, პრაქტიკულად, აღარ ხდება.

”მეორე ადგილზე იყო აზერბაიჯანი და შემდეგ სომხეთი. მცირე ოდენობით გადის ავტომობილები თურქეთში. სომხეთი, როგორც უკვე ცნობილია, აპირებს ამ კავშირში შესვლას. იქაც, ყაზახეთის ანალოგიურად დაწესდება ახალი საერთო რეგულაცია და სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში ავტომობილების ყიდვა გაუჭირდებათ. ეს ცუდად აისახება ქართველ ავტოდილერებზე. და ბოლოს, თუკი აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, შევიდეს რუსეთთან რაღაც ახალ საერთო სავაჭრო კავშირში, მაშინ ეს ჩვენი ავტოდილერებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება”, - განაცხადა მესხიშვილმა.

ექსპერტის თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთი მაქსიმალურად წინ წამოწევს საკუთარ წარმოებას, რომლის შემთხვევაში ნაკლებად მკაცრი მოთხოვნები იქნება და რუსეთის წარმოება გამდიდრდება.

”საბაჟო კავშირში ამა თუ იმ ქვეყნების შესვლით, ცალსახად მდიდრდება რუსეთის წარმოება, რადგან იმპორტირებულ მანქანებზე იქნება მკაცრი მოთხოვნა და გაცილებით მეტი თანხით დაიბეგრება: ახალი რეგულაციებით, რუსეთი საკუთარ ავტომობილებს გაასაღებს, რომლებსაც ყაზახეთისა და ბელორუსის ანალოგიურად, განბაჟება უკვე აღარც სომხეთში დასჭირდება”, -დასძინა მესხიშვილმა.

ელზა წიკლაური