თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არ მცირდება, პირიქით, 10 მილიონი ლარით იზრდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა განაცხადა.
გიორგი ბუთხუზის განმარტებით, ბიუჯეტი მცირდება საჰაერო თავდაცვის ე.წ. ფრანგული პროექტის ნაწილში და 3 წლიანი გეგმის ფარგლებში ეს ასე იყო გაწერილი.
უფრო კონკრეტულად, ბუთხუზის განცხადებით, ფრანგული პროექტი დასასრულის ფაზაშია, გასულ წელს 78 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, წელს კი - 22 მილიონი ლარი.
„რეალურად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც განკუთვნილია შეიარაღების, ტექნიკის, ხელფასების და სხვა ხარჯებისთვის, გაიზარდა 10 მილიონი ლარით. შარშან იყო 670 მილიონი ლარი, წელს კი 680-ია, რაც მთავრობამ დაგვიკმაყოფილა.
ერთადერთი, რაც სხვაობას იწვევს, ეს არის საჰაერო თავდაცვის ე.წ. ფრანგული პროექტი, რომელიც 3 წელზე იყო გაწერილი. ამ თანხების გამტარი იყო თავდაცვის სამინისტრო. პროექტის ძირითადი ნაწილის ათვისება განხორციელდა 2017 წელს, კერძოდ, გასულ წელს პროექტის ფარგლებში ათვისებული იქნა 78 მილიონი ლარი, 2018 წელს ეს პროექტი დასასრულს უახლოვდება და გამომდინარე აქედან, თანხებიც მცირდება - მომავალ წელს ფრანგულ პროექტზე მხოლოდ 22 მილიონი ლარია გაწერილი. ამას ბიუჯეტის შემცირებას ვერ დავარქმევთ, რეალურად, ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება“, - განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.