"2018 წლის ბიუჯეტის პროექტი სრულად არის იმ ფისკალური ჩარჩოსა და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად იქნა წარმოდგენილი"

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი სრულად არის იმ ფისკალური ჩარჩოსა და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად იქნა წარმოდგენილი , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, კაპიტალურ ხარჯებზე მეტი თანხების მიმართვა.

,,სწორედ ამავე ლოგიკას ემსახურება 2018 წლის ბიუჯეტი, რაც წარმოდგენილია. ძირითადი თანხები, რაც დამატებითი რესურსები გვქონდა, გათვალისწინებულია იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც 2016 წლის ბოლოს იქნა შერჩეული და დამტკიცებული", - განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება ვალის თემას, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 და 2018 წლების მონაცემების შედარებისას ჩანს, რომ მომავალ წელს ვალის აღების მოცულობა მცირედით გაზრდილია, თუმცა ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ვალების დაფარვის მაჩვენებელი.

"760 მილიონი ლარის ოდენობით ვალის დაფარვა მოხდება 2018 წელს და ეს არის უპრეცედენტო და ყველაზე მაღალი მოცულობა, რაც განხორციელდა განვლილ პერიოდში. დაახლოებით, 300 მილიონზე მეტს დავფარავთ 2018 წელს, ვიდრე ეს იყო 2017 წელს. ვალთან დაკავშირებით არაერთი განმარტება იქნა გაკეთებული, რომ ვალის აღება ხდება მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი, როგორც ტურისტული, ისე სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს. ასევე ბიუჯეტთან ერთად წარმოდგენილია ვალის მდგრადობის ანალიზი - 45 %-ის ფარგლებში შენარჩუნებულია და ამ ანალიზიდან ჩანს, რომ ნებისმიერი შოკის გაანალიზებისას ჩვენ არ მივუახლოვდებით იმ მაჩვენებელს, რაც ორგანული კანონითაა განსაზღვრული, ანუ 60%-იანი ზღვარია დადგენილი", - განაცხადა კაკაურიძემ.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი უკვე პარლამენტშია წარდგენილი.