საჰაერო ბილიკი, ხიდები, კოშკურები - ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების „ფეისბუქ„ გვერდზე ვრცელდება.

მათივე ცნობით, ხის კენწეროების ბილიკები კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს მოიცავს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებში გვხვდება.

მსგავსი ბილიკი ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს.

ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.

ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, დეტალურ პროექტირებაზე საერთაშორისო ტენდერი "ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის" (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს" - TJS-III-ის ფარგლებში გამოაცხადა. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები მიმდინარე წლის 13 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ.

პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.