ვიქტორია ნულანდი: აშშ-მა უკრაინის მხარდასაჭერად დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი გამოყო

საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინის დემოკრატიის მხარდასაჭერად, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი გამოყო.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

"ეს თანხა დაიხარჯა უკრაინელი ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად – ჰყავდეთ ძლიერი, დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს", - აღნიშნა ნულანდმა. მისივე განმარტებით, აშშ-ის არაფერი დაუხარჯავს მაიდანის მხარდასაჭერად.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განაცხადა, უკრაინის ხელისუფლება კარგად ართმევს თავს მის წინაშე დაყენებულ ორ მთავარ ამოცანას. მისი თქმით, პირველი - მსოფლიო სავალუტო ფონდთან ურთიერთობის დამყარება და ანტიკორუფციული რეფორმის დაწყებაა, მეორე კი - სამართლიანი და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.